"გლობალურ კონკურენტულ გარემოში ცხადია, რომ ის ტემპი, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, კიდევ უფრო მეტად უნდა ავაჩქაროთ" - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
კითხვაზე, ხომ არ აგვიანებს საქართველო ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას იმ ფონზე, რომ შუა დერეფნის ალტერნატიული მარშრუტები ვითარდება, ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანამ ტემპი უნდა ააჩქაროს.
"გლობალურ კონკურენტულ გარემოში ცხადია, რომ ის ტემპი, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, კიდევ უფრო მეტად უნდა ავაჩქაროთ, იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ის ტვირთები, ის სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც ჩვენ გვაქვს და ცხადია, ამაზე ვმუშაობთ ერთად ყველანი, მათ შორის კერძო ინვესტორებთან. მათ შორის მთავრობებს შორის ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ასეთი ტიპის შეთანხმებები მოხდეს და აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ეს ტემპები იქნება მიღწეული", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მედიასთან აბრეშუმის გზის ფორუმზე ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი ფორუმები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს.
"ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ფორუმები, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია იმ თემებზე დისკუსიისთვის, რომლებიც ქართულ ბიზნესს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება; ეს არის ლოგისტიკური საკითხები, ენერგეტიკა და ა.შ. - ყველა ის მიმართულება, რაზეც ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება და სადაც არის პერსპექტივა, რომ ინვესტორები მოვიზიდოთ.
მეორე არის სწორედ იმ ქვეყნებიდან ოფიციალური პირების ჩამოსვლა, საიდანაც ველით ამ ინვესტიციებს, პარტნიორებს და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთან ერთად იყოს ეს დებატები, ეს დისკუსია, ეს საუბარი და იმ პერსპექტივების დანახვა, რომელიც გვაქვს რეგიონში, იმისთვის, რომ ეკონომიკურად ყველა ერთად განვვითარდეთ", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.




























