საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში ჩაიდო – 327.2 მლნ აშშ დოლარი (FDI-ის 56.4%). მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი – 66.4 მლნ აშშ დოლარით (11.4%), ხოლო მესამეზე ენერგეტიკა – 54.4 მლნ აშშ დოლარით (9.4%). სამმა უმსხვილესმა სექტორმა ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 77.2% მოიზიდა.
საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინვესტიციები ძირითადად ციფრული მიმართულებების განვითარებას ხმარდება.
„ყველაზე დიდი ინვესტიციის მოთხოვნა საკრედიტო პორტფელში ხდება და ასევე ციფრული მიმართულების განვითარებაში, რადგან ყველაზე ინვესტიცია ტევადია ეს მიმართულება. ეს ნაწილი მაქსიმალურ დაფინანსებას მოითხოვს და თუ ჩამორჩი მსოფლიო ტენდენციებს და მეტიც, არ გაასწარი მას, ხვალ შეიძლება საერთოდ ამოვარდე, ამიტომ ასე პირდაპირ ვერ დავაკვალიფიცირებ, მაგრამ თუ ვისაუბრეთ ზოგად ვითარებაზე, არ იდება ახალი ფილიალების გახსნაში, უფრო მეტად ვითარდება ციფრული მიმართულება“, - განაცხადა ძნელაძემ.
ინფორმაციისთვის, წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 580.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ FDI-ის შემცირება ფიქსირდებოდა პირველ კვარტალაშიც, შესაბამისად 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 15.5%-ით 763.7 მლნ დოლარამდე შემცირდა.




























