დღეს გამართულ “ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის” პრეზენტაციაზე განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა სტატუსის ამაღლების პროცესში მხოლოდ ანაზღაურების ზრდის მოტივაციით ერთვება, რის გამოც სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, სახელფასო პოლიტიკა პროფესიული განვითარების სქემას გამოეყოს.
“კვლევების თანახმად, მასწავლებელთა უმრავლესობა ამბობს, რომ სქემასა და სტატუსების მოპოვების პროცესში იმიტომ ერთვება, რომ მას სახელფასო დანამატი უნდა. ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს მასწავლებლის პროფესიული განვითარება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავყოთ ეს ორი პროცესი. ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც, სტატუსის მიუხედავად, თითოეულ პედაგოგს ღირსეულ ანაზღაურებას განუსაზღვრავს და პარალელურ რეჟიმში ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე”, - თქვა გიორგი ამილახვარმა პრეზენტაციაზე.
ამასთან, პრეზენტაციის შემდეგ განათლების მინისტრმა მედიასთან განაცხადა, რომ უფროსი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, ფიქსირებული სტატუსის დანამატი გამოიყოფა.
"საათობრივი სახელფასო პოლიტიკის შედეგად, სრული თუ არასრული დატვირთვის პირობებში, უფროსი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის ფიქსირებული ხელფასის ზევიდან იქნება სტატუსის ფუნქციური დანამატი, ეს, ბუნებრივია, იქნება საათობრივი სახელფასო პოლიტიკის ზევიდან დამატებული თანხა", - დასძინა მან.