უგანდის ხელისუფლება რუსეთთან კოსმოსურ სფეროში თანამშრომლობის საკითხს განიხილავს და მზადაა, მთვარისა და ვენერას კვლევის პროგრამებზე ერთობლივად იმუშაოს - ამის შესახებ უგანდის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მინისტრმა ჯონარდ ასიიმვემ 15 ნოემბერს სააგენტო TASS-ს განუცხადა.
"რუსეთის მეცნიერებათა აკადემია უკვე ამუშავებს მთვარისა და ვენერას კვლევის პროგრამებს. ეს ის გამოცდილებაა, რომელსაც უგანდას გაუზიარებენ, რათა ერთად ვიმუშაოთ და ჩვენი შესაძლებლობები შევაფასოთ. თუმცა უკვე დარწმუნებულნი ვართ, რომ უგანდა და რუსეთი კოსმოსური საქმიანობის სფეროში ერთობლივად იმუშავებენ", - აღნიშნა მან.
ასიიმვეს თქმით, ამ მიმართულების განვითარებაში რუსეთის დახმარების თაობაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
"დიახ, ჩვენ ვგეგმავთ არაერთი მიმართულების განვითარებას, მათ შორის კოსმოსური პროგრამის. მომავალ თვეში რუსულ მხარესთან დაგეგმილი მაქვს შეხვედრა ამ პროგრამის განსახილველად; ერთი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ. ვფიქრობ, წლის ბოლომდე კიდევ ერთ შეხვედრას გავმართავთ", - განაცხადა მინისტრმა ამ სფეროში შესაძლო ერთობლივი პროექტების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად.
აგვისტოში გამოცემა Financial Times-ი იტყობინებოდა, რომ აფრიკის ქვეყნები 2026 წელს კოსმოსურ პროექტებზე ერთობლივად 800 მილიონ დოლარზე მეტს დახარჯავენ.
























