საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას X-ზე ეხმიანება.
მინისტრი მადლობას უხდის საერთაშორისო საზოგადოებას, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
“78-ე სესიის ფარგლებში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდე ერთხელ მიიღო „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მომხრეთა ყველაზე მაღალი, 103 ხმით. აღნიშნულ რეზოლუციას არსებულ ჰუმანიტარულ განზომილებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უღრმესი მადლობა საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ურყევი მხარდაჭერისთვის!” - წერს ილია დარჩიაშვილი.
ცნობისთვის, რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, ღირსეულად და უსაფრთხოდ, და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
რეზოლუციას მხარი 103-მა ქვეყანამ დაუჭირა, 52-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, მათ შორის ხვდება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - ჩინეთიც. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა 9 ქვეყანამ მისცა: ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი, სირია და ზიმბაბვე.