მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უგუნური პოლიტიკით "ოცნება“ საქართველოს საგარეო პოლიტიკური იზოლაციისკენ მიაქანებს - დიპლომატი

ვალერი ჩეჩელაშვილი

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის და გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, უგუნური პოლიტიკით " ქართული ოცნება“ საქართველოს საგარეო პოლიტიკური იზოლაციისკენ მიაქანებს. ამასთან, დიპლომატი გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

"დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები იძლევა კრიზისიდან გამოსავლის შესაძლებლობას, ჩვენთან კი ეს გახლდათ პოლიტიკური კრიზისის ახალი მწვავე ფაზის დასაწყისი.

უგუნური პოლიტიკით „ქართული ოცნება“ მიაქანებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური იზოლაციისკენ, რაც გამოიწვევს სასტიკ ეკონომიკურ, საფინანსო და სოციალურ კრიზისს. საქართველოსთვის ეს რთული გადასატანი იქნება, ხოლო „ქართულ ოცნებას“ საერთოდ გააქრობს პოლიტიკური ველიდან.

დღეს „ქართულ ოცნებას“ კიდევ აქვს შანსი დარჩეს ქართულ პოლიტიკაში. ამის შესაძლებლობას იძლევა ვადამდელი არჩევნები, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტის - პრეზიდენტის - შენარჩუნება გარდამავალ ეტაპზე, არჩევნების მომზადება ტექნიკური მთავრობის მიერ.

ყოვლად გაუმართლებელია სასტიკი ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ეს შედეგს ვერ გამოიღებს, მხოლოდ გაამძაფრებს კრიზისს.

„ქართულ ოცნებას“ კიდევ რჩება შანსი შევიდეს ქართულ ისტორიაში როგორც პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში და არჩევნების გზითვე გადავიდა ოპოზიციაში. ეს შანსი დღითი დღე კლებულობს", - წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში.

უკვე მეექვსეა დღეა, საქართველოში საპროტესტო გამოსვლებია. სპეცრაზმი ყოველღამე ძალის გამოყენებით შლის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები