მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრის და "თავისუფლების ფონდის" დამფუძნებლის, დავით ჯინჭარაძის ინფორმაციით, „არაღიარებული მთავრობა ლონდონის საფონდო ბირჟასთან თანამშრომლობით, ლონდონში საინვესტიციო ფორუმს მართავს“, რომლის მიზანი ბრიტანელთა დარწმუნებაა, რომ საქართველოში სანდო საინვესტიციო გარემოა. ჯინჭარაძის განცხადებით, ის და რამდენიმე სხვა პირი ფორუმზე დარეგისტრირდნენ, რათა „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენელს, ლევან დავითაშვილს, კრიტიკული კითხვები დაესვათ.
„ჩვენი მიზანი იყო, რომ დავითაშვილს, რომელიც ეკონომიკურ საკითხებზე საუბრობს, დაესვათ ისეთი კითხვები, როგორ აპირებს ის ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ბიზნესმენებს პოლიტიკური ნიშნით იჭერენ,“ – აღნიშნა ჯინჭარაძემ.
თუმცა, როგორც მოძრაობის წევრი იუწყება, „დამსწრეთა სიას დღეს გადახედა საქართველოს არალეგიტიმურმა საელჩომ ბრიტანეთში და ყველა ოპოზიციურად განწყობილი პირი ჩახსნა სტუმართა სიიდან“.
„ეს კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ საელჩო, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, ემსახურება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებს და ცდილობს ჩაახშოს ნებისმიერი კრიტიკული ხმს,“ – განაცხადა ჯინჭარაძემ.
- "მნიშვნელოვანი განცხადება — არაღიარებული მთავრობა ლონდონის საფონდო ბირჟასთან ერთად ლონდონში საინვესტიციო ფორუმს მართავს. უნდათ, დააჯერონ ბრიტანელებს, რომ საქართველოში სანდო საინვესტიციო გარემოა.
ფორუმს ესწრებიან ქართული ოცნების მთავრობის წევრი მინისტრები, მათ შორის ლევან დავითაშვილი. უცხოელებიდან მხოლოდ საფონდო ბირჟის ერთი წარმომადგენელი და EBRD-ის ყოფილი წარმომადგენელი, პენსიაზე მყოფი კაცი, დაითანხმეს.
რამდენიმე ადამიანი დავრეგისტრირდით და ვაპირებდით კითხვების დასმას დავითაშვილისთვის — როგორ აპირებს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. როგორ აპირებს დალაგებას ბრიტანეთთან, თუ ამის წინ ამერიკაში იყო და ვერ დალაგდა ტრამპის ადმინისტრაციასთან, და რაც მთავარია — როგორ უნდა მოიზიდოს ინვესტიციები ქვეყანაში, სადაც ბიზნესმენებს პოლიტიკური ნიშნით იჭერენ ან ქვეყნიდან გაქცევას აიძულებენ?
დამსწრეთა სიას დღეს გადახედა საქართველოს არალეგიტიმურმა საელჩომ ბრიტანეთში და ყველა მათთვის ცნობილი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი ჩახსნა სტუმართა სიიდან. მოგვივიდა წერილი, სადაც რეგისტრაციის ჩახსნის მიზეზად მითითებულია დამსწრეთა დიდი რაოდენობა — თითქოს რიგებში დგებიან ბრიტანელი ინვესტორები საქართველოში ფულის დასაბანდებლად.
რა თქმა უნდა, საელჩოს ამ ბინძური სვლის მიუხედავად, გვექნება პრინციპული პროტესტი გარეთ. ყველას მოვუყვებით, რეალურად რა გარემოა საქართველოში. არალეგიტიმურმა საელჩომ უნდა იცოდეს, რომ მალე დამთავრდება მათი ლონდონში თარეში საქართველოს მოქალაქეების გადასახადების ხარჯზე. ისინი არ წარმოადგენენ არავის, ივანიშვილის გარდა და არ აქვთ არანაირი დიპლომატიური წონა ლონდონში.
მოვუწოდებ იმ ქართველ ბიზნესმენებს, ვინც ამ ფორუმს ესწრებიან, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. შესაძლოა, ყველა ბიზნესმენი არ იყოს ქართული ოცნების მხარდამჭერი — მაგრამ ამის დასაფიქსირებლად მკაფიო პოზიცია და ნაბიჯებია საჭირო.
ფორუმზე სიტყვით გამოვლენ შემდეგი ქართველი ბიზნესმენები:
- გიორგი ჩიქოვანი, დირექტორი — Georgian Oil & Gas Corporation
- გიორგი მეგრელიშვილი — Chief Financial Officer – TBC Bank
- არჩილ გაჩეჩილაძე — CEO of Lion Finance Group and Bank of Georgia
- ზაზა ბაკურაძე — დირექტორის მოადგილე, LLC Peri
- სამსონ ფხაკაძე — პრეზიდენტი, JSC Wissol Petroleum Georgia
- ნიკოლოზ ხიდურელი — Group CFO, LLC Tegeta Motors", — წერს დავით ჯინჭარაძე.
ფორუმზე, რომელზეც ჯინჭარაძე საუბრობს, ასევე არიან "ოცნების" მთავრობის ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.




























