მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკანასკნელ ათწლეულებში სტადიონის [დინამოს] მდგომარეობა არ შეცვლილა“ - რომან ფიფია

რომან ფიფია

"უკანასკნელ ათწლეულებში სტადიონის მდგომარეობა არ შეცვლილა და აკრედიტებულ ექსპერტთა ყველა დასკვნა ერთმანეთის მსგავსია“, - ასე პასუხობს "დინამოს" პრეზიდენტი, რომან ფიფია პრემიერს, რომელმაც თქვა, რომ დინამოს სტადიონი ამორტიზებულია მდგრადობის შესაძლო პრობლემებით.

ბიზნესმენი, რომელმაც ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი სახელმწიფოსგან 49-წლიანი იჯარით 2011 წლის აგვისტოდან აიღო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას „ამორტიზებულ დინამოსთან“ დაკავშირებით, რადიო თავისუფლებასთან წერილობით გამოეხმაურა.

თემა, განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერმა თქვა:

"დინამოს" სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება" .

რომან ფიფიას ინტერვიუდან ირკვევა, რომ ექსპერტიზა „დინამოს“ სტადიონს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 2024 წელსაც ჩაუტარა, მისი შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

ფიფია ამბობს, რომ მე-6 და მე-7 სექტორებს შესაძლოა, გარკვეული პრობლემა მართლაც ჰქონდეს; პირველი იარუსი გასული საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული, მეორე კი შედარებით ახალია. მისი მშენებლობა 1978 წელს დასრულდა.

„ეს ორი ნაგებობა ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია, რაც ნიშნავს, რომ პირველი იარუსის პრობლემის არსებობის შემთხვევაშიც კი, მეორე იარუსის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა“, - განმარტავს ფიფია და ამატებს, რომ ამ იარუსზე სამხარაულის ბიუროს „დეტალური ექსპერტიზა“ არ ჩაუტარებია, დღემდე არსებული დასკვნები „მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების შედეგია“.

„იმისთვის, რომ დადგინდეს, ამორტიზებულია თუ არა „დინამო არენას“ პირველი იარუსის ნაწილი, აუცილებელია, ჩატარდეს დეტალური ექსპერტიზა...“, - ამბობს ფიფია.

„ყოველწლიურად „დინამო არენა“ გადიოდა ინსპექტირებას და სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებული ექსპერტთა ჯგუფის მინიმალური რეკომენდაციების (როგორიცაა არმირება, შელესვა და ა.შ.) საფუძველზე იღებდა უსაფრთხოების სერტიფიკატს. ჩვენ სრულად მივყვებით იმ რეკომენდაციებს, რომელსაც შესაბამისი ორგანოები გვაძლევენ. ასე იყო 2022 წლამდე, თუმცა მას შემდეგ აღნიშნული პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს“, - ამბობს რომან ფიფია.

სტადიონს რეაბილიტაცია 2015 და 2023 წლებში ჩაუტარდა.

BM.GE-მ პოზიციის და კვლევის დეტალების გასაგებად "დინამოს" მიმართა და პასუხს ამ დრომდე ველოდებით, რომლის მიღებისთანავე, მასალა განახლდება. ასევე, ველით პასუხს მთავრობისგან, როდის და ვინ ჩაატარა კვლევა. ასევე, სად შეუძლიათ მოქალაქეებს და მედიას მისი გაცნობა.

"ამორტიზებული, მდგრადობის შესაძლო პრობლემით" - რა დაემართა "დინამო არენას" 4 თვეში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები