"გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ გასულ ღამეს, მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს დე ფაქტო ხელისუფლება მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდა.
როგორც მან ბრიფინგზე, გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რაც ხდება ყველანაირი კონტროლისა და კანონის მიღმაა.
გიორგი გახარიამ მიმართა მოქალაქეებს, სამართალდამცავ ორგანოებს, პროსახელისუფლებო მედიებს და საერთაშორისო პარტნიორებს.
"გუშინ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადაკვეთა წითელი ხაზები და საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს სასტიკად გაუსწორდა. ეს იყო შემთხვევა, როცა საქართველოს ხელისუფლებას ფორმალური მიზეზიც არ ჰქონდა იმისთვის, რომ დაერბია და ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე, რაც გააკეთა. უფრო მეტიც, ორგანიზებულად საპოლიციო ძალებმა და არაფორმალურმა დაჯგუფებებმა, ფაქტობრივად, ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, უმიზეზოდ იტაცებდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის გამვლელებს, მათზე ძალადობდნენ. ეს იყო ყველა ნორმის - ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. ის რაც დღეს ხდება ყველანაირი კონტროლისა და კანონის მიღმაა.
სამწუხაროდ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლება თავად აპროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ ქაოსის საზღვარზე ვდგავართ. ფაქტია, რომ ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა და სამართალდამცავი სისტემისთვის უკანონო დავალებების გაცემით, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა ის 500-ზე მეტი ახალგაზრდა, ვინც დღეს არის დაკავებული. უკანონოდ დაკავებული ადამიანები არიან ივანიშვილის მძევლები. ჩვენ დღეს არ ვიცით ზუსტი რაოდენობა დაკავებული ადამიანების - 500 არიან თუ ბევრად მეტი, არ ვიცით რამდენი არიან დაშავებულები, ან სად მკურნალობენ, ფაქტობრივად, დღეს დე ფაქტო ხელისუფლება ძალადობს საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე.
ჩვენ ძალიან სახიფათო ზღვართან მივედით და ამიტომ, საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობა და ვალდებულებაა, ის რაც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენ გაგვაჩნია სამართლიანი, მშვიდობიანი პროტესტის უფლება დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ - ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. დღეს ბევრად მეტი უნდა ვიყოთ, ვიდრე ვიყავით გუშინ და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ თბილისში, ეს უნდა იყოს საქართველოს ყველა დიდ თუ პატარა ქალაქში. ეს არის ერთადერთი გზა, როგორ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ახალგაზრდები, რომლებზეც დე ფაქტო ხელისუფლება ძალადობს უკანონოდ და არის შემთხვევები, როცა წამების ზღვარზეა.
მე ასევე მინდა მივმართო ჩვენი დე ფაქტო ხელისუფლების პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებს - „იმედს“ და „რუსთავი 2-ს“. მინდა გითხრათ, რომ თქვენ არაფრით არ განსხვავდებით იმ ნიღბის უკან დამალული ადამიანებისგან, რომლებიც ფიზიკურად ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე და უფრო მეტსაც გეტყვით - თქვენი პასუხისმგებლობა, როცა პარალელურ რეალობას ქნმით, როცა საქართველოს ქუჩებში რიგით მოქალაქეებს, ახალგაზრდებს ფიზიკურად უპირისპირდებიან და აზიანებენ, ძალადობენ მათზე და თქვენს ეთერებში საერთოდ არაფერი არ ხდება, რა თქმა უნდა, ეს არის გამართლების მოძებნა, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს. ამიტომ, თქვენი პასუხისმგებლობა არაფრით განსხვავდება ნიღბის უკან დამალული არაფორმალური დაჯგუფებებისგან.
მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს - ჩვენ ყოველთვის ვემსახურებოდით სამშობლოს და საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება პოლიციელმა იძალადოს ან გულგრილი იყოს მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეზე ძალადობენ და მას დახმარება არ გაუწიოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ძალიან კარგად ხვდებით დღეს რა ხდება, რომ დღეს სამართალდამცავი სისტემა და პოლიცია ემსახურება არა მოქალაქეს და არა სამშობლოს, არამედ ერთი არანორმალური ადამიანის ახირებებს და მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ დღეს იმყოფებით მძევლად ამ ადამიანის ქვეშ და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანი, რომელიც შეძლებს და მოიკრებს ძალას უარი უთხრას ამ მოძალადე დეფაქტო ხელისუფლებას, ისტორიის მადლობას დაიმსახურებს.
მე მინდა მივმართო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს - აღშფოთებების დრო აღარ არის! დღეს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიული ფასეულობებისთვის იმსახურებენ თქვენგან ქმედით ნაბიჯებს და მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა უნდა გამოიხატებოდეს არამხოლოდ განცხადებებში და აღშფოთებებში, არამედ პირდაპირ სანქცირებაში იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობენ დღეს საქართველოს მოქალაქეებზე და არღვევენ ყველა ნორმას, ადამიანის ყველა უფლებას.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც აღშფოთებულია იმით, რაც გუშინ ხდებოდა თბილისის ქუჩებში, მინდა გაგამხნეოთ და გითხრათ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა. ჩვენ ბევრად უფრო მეტი ვართ და იცოდეთ, რომ მშვიდობიანი, სამართლიანი პროტესტი არის ჩვენი მთავარი ძალა. მშვიდობიანი, სამართლიანი პროტესტით უნდა დავუპირისპიროთ მოძალადე ხელისუფლებას და დღეს ყველაზე მეტი უნდა ვიყოთ თბილისის თუ საქართველოს დანარჩენ პატარა თუ დიდ ქალაქში",- განაცხადა გახარიამ.