მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლა ბიზნესმენებს მართლა სჭირდება გამხნევება და გავამხნევებ..." - ინტერვიუ გიორგი გახარიასთან

გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარიას სჯერა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ბიზნესი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს და ისეთ არჩევანს გააკეთებს, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების და ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. „ბიზნესმა ყველაზე კარგად იცის, რომ პოლიტიკური იზოლაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, აუცილებლად გაგრძელდება ეკონომიკური იზოლაციით“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში" და იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რატომაც დღეს, ბიზნესმენები საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას ხმამაღლა არ აფიქსირებენ. გიორგი გახარია ირწმუნება, რომ ასეთ შემთხვევაში ბიზნესკომპანიებს შემოსავლების სამსახური ან ფინანსური პოლიცია „შეუვარდება“. „ახლა ბიზნესმენებს მართლა სჭირდება გამხნევება და გავამხნევებ“ - თქვა ყოფილმა პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა და ბიზნესომბუდსმენმა.

- რაც მთავრობაში აღარ ხართ, ბიზნესმენები რამდენად გეკონტაქტებიან ან თქვენ გაქვთ შეხება?

- არა და სიმართლე გითხრათ, მათ არც ვაწუხებ ჩემი ყურადღებით, რადგან მოგეხსენებათ, დღეს, ბიზნესი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითქოს პოლიტიკის მიღმა არიან, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ილუზიაა. შეუძლებელია, არა მხოლოდ მსხვილი, არამედ საშუალო ბიზნესიც პოლიტიკის მიღმა იყოს, რადგან პოლიტიკური ცხოვრება მათზე პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას. ეს მარტივია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და ბიზნესმა ეს ყველაზე კარგად იცის, რომ პოლიტიკური იზოლაცია, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, აუცილებლად გაგრძელდება ეკონომიკური იზოლაციით და შეუძლებელია, ეს ეკონომიკური იზოლაცია არ აისახოს ბიზნესის ყოველდღიურ მაჩვენებლებზე, ამიტომ ბიზნესმა შეიძლება თავი დაიყენოს ისეთ პოზაში, რომ ვითომ მათ არაფერი ეხებათ, მაგრამ ყველაფერი ეხებათ და ეს ძალიან კარგად იციან.

- „ბიზნესმენები ამბობენ, პოლიტიკოსები არ ვართო. პოლიტიკაზე საუბარი პოლიტიკოსობას არ ნიშნავს. ჩვენ რომ ფეხბურთზე ვსაუბრობთ, ფეხბურთელები ვართ?! - რამდენიმე დღის წინ BMG-ისთან ინტერვიუში თქვა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ... თქვენი აზრით, რაზე მეტყველებს ბიზნესმენების დისტანცირება პოლიტიკისგან - არ არის ბიზნესი თავისუფალი?

- ქართულ ბიზნესს ძალიან კარგად ვიცნობ - პერსონალიების დონეზე, კონკრეტული მოგების წერტილები სად შეიძლება იყოს ქვეყანაში და ა.შ. ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი.

- ამიტომაც გეკითხებით - რატომ არის მსხვილი ბიზნესის უმრავლესობა ჩუმად - ვერ ხედავენ რისკებს, თუ ეშინიათ?

- ბიზნესი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს; ბიზნესმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის და მჯერა, როცა ბიზნესმენები მივლენ საარჩევნო უბანთან, სწორედ ისეთ გადაწყვეტილებას და არჩევანს გააკეთებენ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების და დასავლურ და ევროპულ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობას მოგვცემს. ამაში დარწმუნებული ვარ.

- თქვენი აზრით, ახლა არაა მნიშვნელოვანი, ბიზნესმა ხმამაღლა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, სად შეიძლება წავიდეს ქვეყანა თუ ვერ მივუსწარით ევროკავშირის გაფართოების მატარებელს?

- ეს უაღრესად მნიშვნელოვანია; მე ვიქნები ბედნიერი, თუ ქვეყანაში იქნება ისეთი თავისუფალი გარემო, როდესაც ბიზნესს შეეძლება თავისი პოლიტიკური პრიორიტეტები მარტივად და ღიად გამოაცხადოს და ამის შემდეგ მას არ შეუვარდება შემოსავლების სამსახური, რომელსაც მე ასევე ძალიან კარგად ვიცნობ, ფინანსური პოლიცია, რომელსაც ასევე ძალიან კარგად ვიცნობ...

- და შეიძლება შეუვარდნენ?

შეიძლება - არა, ნამდვილად შეუვარდებიან, დარწმუნებული ვარ ამაში. რატომ? დღეს სახელმწიფო არა მხოლოდ ბიზნესს და ეკონომიკას, არამედ ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნოს; მათ შორის ბიზნესის დღევანდელი სიჩუმეც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არასწორად აფასებენ გარემოებას, არა. მათ უბრალოდ არ უნდათ სახელმწიფოსთან ღია კონფლიქტში შევიდნენ. მერწმუნეთ, ეს არ არის ბიზნესის პასუხისმგებლობა და ჩვენ ვერ მოვთხოვთ გმირობას იმ ადამიანებს, რომლებსაც დასაქმებული ჰყავთ ზოგს - 10, ზოგს - 100, ზოგს - 1000 ადამიანი; მათ სხვა პასუხისმგებლობები აქვთ. ამდენად, ეს ადამიანები, დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს რომ გააკეთებენ, ეს იქნება პირველი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ერთხელ და სამუდამოდ ბიზნესი პოლიტიკური წნეხისგან გავათავისუფლოთ. ეს შეუძლებელია მოხდეს ისე, თუ პარალელურად კორუფციისგან ყველაფრის გათავისუფლების პროცესი არ წავა, რაც დაკავშირებულია ბიუჯეტთან, ეს მეორე მხარეა მედლის, რომელიც ასევე უზარმაზარი პრობლემაა.

გაითვალისწინეთ ურთიერთდამოკიდებულება ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც არაკეთილსინდისიერად იყენებს იმ ინსტრუმენტებს, რომელიც მის ხელშია - ესაა როგორც სადამსჯელო ინსტრუმენტები და ასევე ის ფინანსური რესურსი, რომლითაც სახელმწიფო შედის ეკონომიკაში და უნდა შედიოდეს კიდეც და მეტ პროექტებს ახორციელებდეს, მაგრამ ნახეთ, რა სიტუაციაა - სახელმწიფო დღეს მასწავლებელს ეუბნება - „მე ხელფასს რომ გიხდი, წამოდი და ხმა მომეცი. ხმას თუ არ მომცემ, სამსახურიდან გაგაგდებ“ და ასეთი ერთი და ორი შემთხვევა არ ყოფილა... ასეა ბიზნესთანაც - „ხმას თუ არ მომცემ ან შემოსავლების სამსახური შემოვა ან ტენდერს ვერ მოიგებ“... ჩვენი სახელმწიფო იდეალური არასდროს ყოფილა, მაგრამ მთელი ჩვენი შრომის მიზანი იყო ის, რომ ვყოფილიყავით უკეთესები და, რა თქმა უნდა, პროგრესი გვქონდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი, პარტიამ და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალეს, რომ კორუფცია და ადმინისტრაციული რესურსი უნდა გამოიყენოს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ეს არის პრობლემა, თორემ მე არასდროს მითქვამს, რომ საქართველოში კორუფციული რისკები არ არსებობდა, მაგრამ რაღაც მომენტში ბრძოლის ბერკეტები მოიხსნა, მიუშვეს, რათა შემდეგ, მათ შორის არჩევნების დროს, ბიზნესზე ზეწოლა მოეხდინათ და შეეზღუდათ მათი გამოხატვის, მათ შორის პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების თავისუფლება...

- იყო დრო, როცა მსხვილი ბიზნესი თქვენ გამხნევებდათ. დღეს როგორ გაამხნევებდით მათ - რა არის გიორგი გახარიას მთავარი გზავნილი არჩევნების წინ?

- ახლა მაგ ხალხს მართლა სჭირდება გამხნევება და გავამხნევებ - მთავარია, ბიზნესს უნდა ესმოდეს, რომ ბიზნესის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, არის დასაქმებულების და მოქალაქეების წინაშე და არა ხელისუფლების წინაშე. ეს უნდა ესმოდეთ და ამის გაცნობიერებით უნდა გააკეთონ ისეთი არჩევანი, რომელიც ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ გზაზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური იზოლაციის შესაძლებლობას არ გააჩენს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვიზების შეჩერების, OGP-დან გამორიცხვის შემდეგ - და არ მინდა, ახლა კიდევ გავაგრძელო - ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია იქნება ფაქტი და ბაზრები, რომლებზეც ჩვენ გვექნება მარტივი წვდომა, იქნებიან ჩვენი მეზობლები და ის ბაზრები, რომლისგანაც თავის დაცვისთვის და ზეგავლენის შემცირებისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობდით და დივერსიფიცირებას ვცდილობდით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები