მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექნება თუ არა ბიზნესს მორალური დილემა, დააფინანსოს „ოცნება“ - ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან

ზურა ჯაფარიძე

„არ მჯერა, რომ საქართველოში ე.წ. მსხვილი ბიზნესის დიდ ნაწილს მორალური პრობლემები შეექმნება და „ქართულ ოცნებას“ აღარ დააფინანსებს“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ წამყვანის შესაბამის კითხვას. პოლიტიკოსის შეფასებით, მსხვილი ბიზნესის უდიდესი ნაწილი „ნებისმიერ მთავრობასთან ჩახუტებულია“, ამიტომ ეჭვობს, რომ ისინი სარგებელს შეელევიან. მიუხედავად ამისა, ზურაბ ჯაფარიძე ბიზნესმენებს ახსენებს, რომ ისინიც მოქალაქეები არიან და ყველა უნდა დაფიქრდეს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმის ფასი აქვს.

2024 წლის პირველ ნახევარში პოლიტიკურ პარტიებს 3 მლნ შესწირეს - ვინ არიან მსხვილი შემომწირველები?

- ადრეც გვისაუბრია, რატომ აფინანსებს ბიზნესი პოლიტიკურ პარტიებს და რატომ არის ყველაზე გულუხვი მმართველი პარტიის მიმართ... წელს, განსაკუთრებით საინტერესოა, ექნება თუ არა ქართული ბიზნესს გარკვეული მორალური დილემა, დააფინანსოს პარტია, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაყინა...

- არ მჯერა, რომ საქართველოში ე.წ. მსხვილი ბიზნესის დიდ ნაწილს მორალური პრობლემები შეექმნება და „ქართულ ოცნებას“ აღარ დააფინანსებენ, რადგან სინამდვილეში მათი დიდი ნაწილი არ არის მსხვილი ბიზნესმენები; ისინი არიან ნებისმიერ მთავრობასთან ჩახუტებულები, რადგან სისტემა ისე გვაქვს მოწყობილი, რომ თუ ამ ქვეყანაში გინდა დიდი ფული აკეთო, ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობასთან ჩახუტება გჭირდება. რატომ? - შენ გჭირდება საკუთრება, რომელიც იჯარით უნდა აიღო ან ლიცენზია, რომ რაღაც აწარმოო, ან გჭირდება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, რომ ტენდერებიდან შემოსავალი მიიღო და ა.შ. ამ ხალხს მსგავს „უპირატესობებს“ თუ გამოაცლი - რაღაცის ლიცენზიას არ მისცემ, ტენდერს წაართმევს და სხვა, ეს ბიზნესები საპნის ბუშტივით გასკდება. სინამდვილეში, ბიზნესმენი არის ის, ვინც იღებს გარკვეულ რესურსს და შემდეგ რაღაც პროდუქტს ქმნის, რომელსაც ადამიანებს აწვდის და არა ის, ვისაც ახლობელი ჰყავს მთავრობაში და ამის გამო წლიდან წლამდე ტენდერებზე „ზის“ და მეტს არაფერს აკეთებს. ეს არ არის ბიზნესი. ჩვენთან, ვისაც მსხვილ ბიზნესებს უწოდებენ, მათი უდიდესი უმრავლესობა არის ასეთი ბიზნესები და მორალმა რომ გაიღვიძოს მათში, რა უნდა ქნან?! - უნდა დახურონ ეს ყველაფერი და წავიდნენ სახლში, მაგრამ მათი უდიდესი უმრავლესობა არაა ის ხალხი, რომელიც ყველაფერს დახურავს და შემოსავალს დაკარგავს.

2023 წელს "ოცნების" დონორებთან დაკავშირებულმა 14-მა კომპანიამ ₾1 მლრდ-ის ტენდერები მოიგო - TI

რამდენი მილიონი შესწირეს „ქართულ ოცნებას“ ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებულმა პირებმა?

- იქნებ გულის სიღრმეში, ცვლილებები მათაც უნდათ? პირად საუბრებში მომისმენია ბიზნესმენებისგან, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, მათთვის რთულია, ღიად აკრიტიკონ მთავრობა და თან მშვიდად აკეთონ ბიზნესი...

- ვფიქრობ, რეალობა, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, ცდება ამ თემას - მთავრობა ვაკრიტიკოთ თუ არ ვაკრიტიკოთ. ჩვენ არ ვცხოვრობთ თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, სადაც მოქალაქეებს და ბიზნესმენებიც ხომ მოქალაქეები არიან, არჩევანი აქვთ გასაკეთებელი პარტიებს შორის, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ეკონომიკურ პოლიტიკას სთავაზობენ და ძირითადად, ითვლიან, რომელი არის მათთვის უფრო მომგებიანი. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როცა ეს ქვეყანა არის გზაგასაყარზე და „რუსულმა კანონმა“ სწორედ ეს მოიტანა, რომ ძალიან ნათლად გაივლო ხაზი... საბოლოო ჯამში, 26 ოქტომბერს მართლა რეფერენდუმი ტარდება და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, საქართველოს მომავალი როგორი იქნება. სამი შვილი მყავს. არსად გაქცევა არ მინდა. მინდა, ამ ქვეყანაში დავბერდე და მათ შორის ჩემმა შვილებმა აქ იცხოვრონ - ვუყურო, როგორ იზრდებიან, როგორ ოჯახდებიან და ა.შ. და არა ის, რომ სადღაც წავიდნენ... ამდენად, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ პოლიტიკოსი მქვია, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქე, ცხოვრებაში იმაზე უფრო მნიშვნელოვან საქმეს ვერ გავაკეთებ, როგორიც არის, საკუთარ შვილს დავუტოვო ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი და ჩემი შვილი იქნება ევროკავშირის მოქალაქე. ამაზე მნიშვნელოვანი მართლა რა უნდა გავაკეთო?!

- ალბათ არაფერი და ამიტომაც ხომ ყველა უნდა დაფიქრდეს - ჟურნალისტიც, ბიზნესმენიც...

- დიახ, ბიზნესმენიც ადამიანია, რომელსაც სადღაც წილი აქვს და საბოლოო ჯამში, ისიც მოქალაქეა. ბიზნესმენისთვისაც რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანია, რა შეიძლება დაუტოვოს საკუთარ შვილებს და შვილიშვილებს, ვიდრე ქვეყანა, რომელიც არის ევროკავშირის წევრი. ეს არის ერთი არჩევანი ან მეორე არჩევანია, ეს ქვეყანა დატოვო...

- ამიტომაც დავსვი კითხვა მათ შორის ბიზნესმენების მორალურ დილემაზე მმართველი პარტიისთვის ფულის შეწირვის კონტექსტში...

- დიახ, ბიზნესი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ეს არ არის არჩევანი იმის თაობაზე, რომელი პოლიტიკური პარტია მომწონს ან შეიძლება ხელისუფლება გავაბრაზო და ა.შ. საერთოდ სხვა არჩევანზეა საუბარი - ან ვიქნებით 5 წელიწადში ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნიდან წასული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის არალეგალურად მყოფი მოქალაქეები, გახდებიან ევროკავშირის ლეგალური მცხოვრებლები, უვიზოდ შეძლებენ აშშ-ში წასვლას და ა.შ. მივიღებთ უამრავ სიკეთეს; მათ შორის აშშ რასაც გვთავაზობს - თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და სამხედრო სფეროში დახმარება და სხვა ანუ ყველაფერი კარგი, რაზედაც გვიოცნებია ჩვენ და თაობებს და მეორე მხარეს არის ერთი ერთზე დარჩენა რუსეთთან, რაც ნიშნავს იმას, რომ 5-10 წელიწადში რუსეთი გადაგვყლაპავს, როგორც გადავუყლაპივართ ჩვენი ისტორიის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები