კომპანია „არქის“ დამფუძნებლის ილია წულაიას შეფასებით, მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გავლენა უძრავი ქონების სექტორისთვის შემცირებულ გაყიდვებში აისახა. მისი თქმით, სექტორს მოლოდინი ჰქონდა, რომ ბაზარი 10%-ის ფარგლებში აჩვენებდა ზრდას, წლის 2 თვის მონაცემებით კი კლება -5%-ია, რაც ნიშნავს რომ რეალობა საპროგნოზო მაჩვენებლებს დაახლოებით 15%-ით ჩამოუვარდება.
რაც შეეხება თავად კომპანიაში არსებულ ვითარებას, წულაია ამბობს, რომ თანხობრივი ზრდა „არქისთვის“ 23-24%-იანია.
„კვლევები ასახავს ბაზრის სიტუაციას, ვსაუბრობ როგორც გალტ & თაგარტზე, ისე თიბისი კაპიტალზე, რომლებიც წერენ, რომ 5-6%-იანი კლებაა. ეს არსებული განწყობის და ტურბულენტურ პირობებში მოსალოდნელი იყო, ალბათ უფრო მეტიც კი იყო მოსალოდნელი.
ჩვენს მაგალითზე წინა წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებს რომ შევხედოთ დაახლოებით 23-24%-იანი მატებაა გაყიდვებში, ვგულისხმობ თანხობრივ ნაწილს. ფასი დრამატულად არ გაზრდილა, შესაბამისად რაკი თანხაში გაიზარდა, რაოდენობაშიც მზარდია. ის ვინც დაინტერესებულია უძრავი ქონების ბაზრით და ვინც ყიდულობს ბინას, არ მომხდარა მათი შემცირება. ეკონომიკური ზრდა გვაქვს 11%-იანი და ეს ქმნის მოლოდინს, რომ მომდევნო პერიოდში მატების ტრენდი დაიწყება.
ჩვენს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე მეტი იანვარ თებერვალში გავყიდეთ უცხოელ მომხმარებლებზე როგორც თბილისში, ისე ბათუმში. წამყვანი ქვეყანაა ისრაელი, ასევე გალფის ქვეყნები, აქედან ინტერესი მზარდია, რაც ალბათ „ემარიის“ შემოსვლაზე გაკეთებული ანონსით არის განპირობებული.
გარემოს ვისურვებდით რომ უკეთესი იყოს. ჩვენ შევეჩვიეთ რომ ხან კოვიდია, ხან ომია, ბევრი ტურბულენტური პროცესი გავიარეთ. გავლენა იყო ის კლება, რაც გასულ 2 თვეში გვქონდა. მოლოდინი იყო რომ 10%-ით გაზრდილიყო უძრავი ქონება და ვნახეთ რომ კლება იყო 5-6%, ეს არის ფასი მიმდინარე პროცესებისა და იმედია ამის აღდგენა მოხდება.
უძრავი ქონების გაყიდვებში ევროკავშირთან დაახლოება არ არის ამოსავალი და ერთადერთი ფაქტორი, ერთ-ერთი ფაქტორი ცხადია იყო, ამიტომ მე იმედი მაქვს რომ დღევანდელი სიტუაცია, ეს გაყინული პროცესი ინტეგრაციისა განახლდება უახლოესს პერიოდში როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის მხრიდან და ეს დაეხმარება უძრავ ქონებასაც,“ - განაცხადა წულაიამ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას.