მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ გამჭვირვალობაა - ილია წულაია

არქი

„არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი გამჭვირვალეა და მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ნებისმიერ სხვა, მათ შორის არასამთავრობო სექტორშიც.

როგორც ილია წულაია სოციალურ ქსელში "რუსულ კანონთან" დაკავშირებით წერს, ევროპის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ გამჭვირვალობაა. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, ქვეყანა გააგრძელებს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მისაღწევად.

"მე, როგორც არქის დამფუძნებელი და ქართული ბიზნესის წარმომადგენელი, ვფიქრობ საჭიროებაა იმისა, რომ დავაფიქსირო ჩემი შეხედულება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები პირადად ჩემი და ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო არჩევანია.

ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია გახდეს ევროპის დიდი ოჯახის ნაწილი, რის მისაღწევადაც, ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადაიდგა არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი: ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა - ქართველი ხალხი, ხელისუფლება გააგრძელებს პროგრესს ამ გზაზე და ერთად მივაღწევთ საბოლოო მიზანს - ევროკავშირში გაწევრიანებას!

ასევე, მიუხედავად იმისა ხარ თუ არა დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ყველასთვის ნათელი უნდა იყოს - 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბიზნესისადმი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა, ჩამოყალიბდა ბიზნესის კეთებისთვის თავისუფალი და უსაფრთხო გარემო, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ გაზარდონ საკუთარი ბიზნესი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. შედეგად მივიღეთ სტაბილური და რაც მთავარია სწრაფი ტემპით მზარდი ეკონომიკა, რაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.

რაც შეეხება დღევანდელი აჟიოტაჟის თემას, გამჭვირვალობის კანონს, თითოეული ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ გამჭვირვალობა და კარგი მმართველობაა (Good Governance). ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი გამჭვირვალეა, მათ შორის საგადასახადო და ინვესტიციების წარმომავლობის კუთხით. ჩემი ღრმა რწმენით, ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ნებისმიერ სხვა სექტორში, მათ შორის არასამთავრობო სექტორში.

კარგად მოგეხსენებათ, რომ სწორედ ადგილობრივი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის უცხოური (დიდი ალბათობით ჩრდილოეთიდან) გაუმჭვირვალე დაფინანსებით მოხდა ხელოვნური აქციების გამართვა და არაერთი სტრატეგიული პროექტის განხორციელების შეფერხება (მათ შორის ნამახვანის ჰესი), რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს.

ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ვალია, არ მივცეთ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სიტუაციის არევის საშუალება და მშვიდობა და განვითარება შევინარჩუნოთ! დარწმუნებული ვარ, ბრძენი ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის საკუთარ სიტყვას სიმშვიდის შენარჩუნების, საქართველოს განვითარების და ევროინტეგრაციის საქმეში!",- წერს ილია წულაია.

"ქართული ოცნება" საქართველოში "რუსული კანონის" მიღებას წელსაც ცდილობს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო დონორული ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები თუ უცხოური ასოციაციებია.

რამდენიმე კვირაა, საქართველოს მოქალაქეები "რუსული კანონის" პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ. იმავეს ურჩევენ მმართველ პარტიას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის აშშ და ევროკავშირი.

25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. ასევე, შესაძლოა, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაც მოითხოვეს.

26 აპრილს, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნა. სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები