მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ბიზნესს ჰგონია, "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი წნეხი არ დაბრუნდება, ცდება - პროფესორი

თინა სტამბოლიშვილი

"თუ რომელიმე ბიზნესს ჰგონია, წნეხი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს არსებობდა, არ დაბრუნდება, ძალიან ცდება", - ამის შესახებ თინა სტამბოლიშვილმა "რუსული კანონის" შეფასებისას განაცხადა. როგორც GIPA-ს ასოცირებულმა პროფესორმა BMG-სთან აღნიშნა, ცივილიზებული ქვეყნების ინვესტორები საქართველოში შემოსვლაზე დაფიქრდებიან.

"მინდა წავიკითხო პრემიერის ციტატა, რომელიც გვეუბნება: კონკრეტული ფერმერები, რომლებიც შესაბამის გრანტებს იღებენ, კონკრეტული ძალების მიმართ მომეტებული სიმპათიებით გამოირჩევიან. ეს ის ფერმერები არიან, რომლებიც გრანტებს ევროკავშირიდან იღებენ. ეს რას ნიშნავს? როგორც კი მე რაღაც აზრს გამოვთქვამ, მაშინვე იტყვიან, რომ რაღაც ძალის წარმომადგენელი ვარ და ზეწოლას დაიწყებენ. ეს უაღრესად საშიში პროცესია. თუ რომელიმე ბიზნესს ჰგონია, რომ ის წნეხი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს არსებობდა და რისიც ყველას ეშინია, არ დაბრუნდეს, არ დაბრუნდება, ძალიან ცდებიან. ეს დაბრუნდება კიდევ უფრო ინტენსიურად და ახლა უკვე კანონის ძალით", - აღნიშნა თინა სტამბოლიშვილმა.

GIPA-ს ასოცირებული პროფესორის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული კანონის მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩახშობაა.

"ნანახი მაქვს იმ ქვეყნების კონტრაქტები, რომელშიც არის პუნქტი, თუკი ბიზნესორგანიზაცია რაიმე სახის ურთიერთობას რეესტრში მოხვედრილ აგენტ ორგანიზაციასთან დაამყარებს, მას ჯარიმა დაეკისრება. წარმოიდგინეთ, თითოეულ ბიზნესს, თითოეული ტრანზაქციისას უწევს, რაღაც რეესტრში ჩაიხედოს და ნახოს ორგანიზაციები. იმ ქვეყნებში უკვე შესულია არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები,არამედ კერძო პირები და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მმართველი პარტიის მიმართ უარყოფით აზრს გამოხატავს. მსგავსი ჩვენ გუშინ ვნახეთ. ერთ-ერთმა კომპანიამ [გორგიამ], რომელმაც თავისი ბიზნესიდან გამომდინარე მონახა სარფიანი ნიადაგი, თავისი პროდუქტის პრომოუშენი გააკეთა, ამ კომპანიას პარლამენტის წევრი [დიტო სამხარაძე] თავს დაესხა და მას პროტესტანტების წაქეზებაში ბრალი დასდო. პირდაპირ დაემუქრა, შემოვალთ და ნახე რას გიზამთო. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია", - განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები