„ქართული ოცნება“ "რუსული კანონის“ მიღებაზე უარის თქმას არ აპირებს, მიუხედავად საქართველოს მოქალაქეების პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებისა. „ამ კანონპროექტის გარეშე დიდხანს არ მოგვასვენებდნენ“ - თქვა გუშინ, 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის წინ "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეთა კონტრაქციაზე. აღსანიშნავია, რომ 28 და 29 აპრილს, მსხვილი ბიზნესმენების გარკვეულმა ნაწილმა განცხადებები გაავრცელა, სადაც, ფაქტობრივად, მხარს უჭერენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. ამასთან, ბიზნესმენები ფიქრობენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
BMG-მ ყველა ბიზნესმენის განცხადებას ერთად მოუყარა თავი.
ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე
ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე დარწმუნებულია, რომ ევროპას, მშვიდობას, ღიაობას და გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ ბიზნესმენმა ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც Imedinews-ი წერს, ბიზნესმენი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და "სადავო კანონს" სოციალურ ქსელში, შემდეგი პოსტით ეხმაურება:
„მინდა, გამოვეხმაურო ბოლო ხანს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და რიგითი ბიზნესმენისთვის სულერთი ნამდვილად არ არის, თუ როგორ ვითარდება საქართველო. ცალსახა და უდავოა, რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები არის ის, რისკენაც უკვე წლებია მივისწრაფვით. დარწმუნებული ვარ ჩვენი მრავალწლიანი სვლა ამ გზაზე წარმატებით დასრულდება და საქართველო გახდება ევროკავშირის ღირსეული, თანაბარუფლებიანი წევრი თავისი კულტურით, ტრადიციებით და პრინციპებით! ამ მიზნის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია მშვიდობა!
საბედნიეროდ, ბევრი პოლიტიკური რყევების თუ სპეკულაციების მიუხედავად, გარე თუ შიდა გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში ქვეყანამ შეძლო სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება, მივიღეთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და იმედი მაქვს, მალე მოლაპარაკებების კარიც გაიღება. როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ისე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და სტაბილური გარემო, რაც პირდაპირ პროპორციულია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასთან!
რაც შეეხება სადავო კანონს, მე როგორც ბიზნესმენი არაერთხელ გავმხდარვარ ბინძური ცილისწამების და დაკვეთილი დეზინფორმაციის სამიზნე. სამწუხაროდ, ამ ცილისწამებების ავანგარდში იდგნენ ადამიანები, რომლებიც, ვითომდა კეთილშობილური მიზნებით, ახლა გვარწმუნებენ, რომ ქვეყანა რუსეთისკენ იხრის კურსს. არადა, სწორედ რუსული პროპაგანდის სტილით ხდებოდა პირადად ჩემზე გაუგონარი ტყუილების გავრცელება და დიახ, სწორედ ეს არის რუსული! ამ მიზანმიმართული სიცრუის კამპანიებს, რომლის მსხვერპლი არაერთი ადამიანი გახდა, საერთო არაფერი აქვს ევროპულობასთან!
ბევრი ადამიანისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა რუსული და კამპანიური ცილისწამება ევროპული?! მე არ ვაპირებ კანონის ნიუანსებში შესვლას, თუმცა ვფიქრობ, გამჭვირვალობის საწინააღმდეგო ჭეშმარიტად ევროპულად მოაზროვნე არცერთ ადამიანს, არაფერი ექნება. სხვა დეტალები პოლიტიკოსებმა არა ქაოსის, არეულობით მუქარის და შანტაჟის ფონზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა განიხილონ!
მე, როგორც ბიზნესმენი, რომელიც ვქმნი უამრავ სამუშაო ადგილს ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, ალტერნატივა არ აქვს ევროპას! მშვიდობას! ღიაობას და გამჭვირვალობას!“, - წერს გიორგი კაპანაძე.
ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე
KTW ჯგუფის დამფუძნებლის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ დასავლური კურსის გასამყარებლად არაერთი გამარჯვება მოიპოვა და ქვეყანაში სტაბილური, გამჭვირვალე, თავისუფალი ბიზნესგარემოა.
ბიზნესმენი პირდაპირ არ ახსენებს ე.წ. რუსულ კანონს, თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან.
„დასავლური ღირებულებები ის ქვაკუთხედია, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აერთიანებს. ევროპელობა არათუ ჩვენი არჩევანი, არამედ მემკვიდრეობაა. ისტორიული მონაპოვარია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ.
გზა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გადის, სწორედ ამ მონაპოვარის გაძლიერებას ემსახურება. 2012 წლიდან დღემდე, დღევანდელმა ხელისუფლებამ შეძლო და ამ კურსის კიდევ უფრო გასამყარებლად, არაერთი გამარჯვება მოიპოვა.
დღეს, საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტაბილური, გამჭვირვალე და თავისუფალი ბიზნესგარემოა შექმნილი, რაც არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება. ქვეყანაში ბიზნესმა მიაღწია სახელმწიფოსთან თანამშრომლობის იმ ეტაპს, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ურთიერთშეთანხმებისა და ერთიანი კოორდინაციის საფუძველზე მიიღება. არსებობს საგადასახადო შეღავათები, მცირე თუ საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები, რაც ქართული ეკონომიკის ზრდის უმთავრესი საწინდარია. მშვიდობა და სტაბილურობა კი, ამ და სხვა სწორად გადადგმულ ნაბიჯებს წარმატების ერთიან პაკეტად აერთიანებს, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს ისტორიულ მიზნამდე.
KTW ჯგუფი ორ ათეულ წელზე მეტია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას ეწევა და კარგად გვესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ღიაობა და მშვიდობა პროცესების წარმატებაში. მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობაა.
საქართველოს ევროპული ვექტორი უალტერნატივოა და ამ გზაზე უნდა ვიაროთ მშვიდობით - ჩვენი კულტურისა და ისტორიის პატივისცემით, ჩვენი შვილებისა და მათი ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად",- აღნიშნულია ბიზნესმენის განცხადებაში, რომელიც KTW-ს facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
ბიზნესმენი ლევან ფხაკაძე
"ვისოლ ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებების ერთგულია, რაც წლების განმავლობაში, ქმედითი ნაბიჯებით დაადასტურა.
ბიზნესმენი "რუსულ კანონთან" დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურს ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობის და ღია პროცედურების/რეგულაციების გარეშე, ქვეყნის სუვერენიტეტის და დემოკრატიის შენარჩუნება შეუძლებელია.
"მოგესალმებით! მსურს ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი.
ის რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპა და ევროპული ღირებულებებია ამაში ცალსახად ვფიქრობ ყველა ქართველს ერთი პოზიცია გაგვაჩნია.
სწორედ ამ პოზიციის ერთგულია საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, რომელმაც ქმედითი ნაბიჯებით დაადასტურა წლების განმავლობაში ქართული საგარეო პოლიტიკური კურსი და შეუსაბამოა იგი ქართველი ხალხის ნებას. 2012 წლიდან ერთმნიშვნელოვნად გათავისუფლდა ბიზნესი/ეკონომიკა წნეხისა და უკანონო გავლენისგან, სრული ძალისხმევა მიემართა ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დღის წესრიგის შესრულებაზე. არსებული ხელისუფლების პირობებში ცალსახად და ხაზგასმით, ქვეყნის უზენაესი კანონით დეკლარირებულ დონეზე განაცხადა ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი მისწრაფება ევროინტეგრაციისკენ და გასული წლის ბოლოს ჩვენ ერთად ვიზეიმეთ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის, როგორც ქართველი ხალხის ურყევი ნების აღსრულება! ბუნებრივია, გამჭვირვალობის და ღია პროცედურების/რეგულაციების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სუვერენიტეტის და დემოკრატიის შენარჩუნება. სამართლიან, განვითარებაზე ორიენტირებულ, სუვერენულ სახელმწიფოს სჭირდება დემოკრატიული ინსტრუმენტები მდგრადი და სტაბილური მმართველობისთვის. სწორედ ამგვარ მექანიზმად მესახება გამჭვირვალობის კანონი, რომელიც კამათის საგნად იქცა და რომელიც ბაზირებულია სწორედ დასავლურ, ანალოგიურ საკანონმდებლო აქტებზე და მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა კი არ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, პირიქით, მნიშვნელოვნად ზრდის ანგარიშვალდებულების, საზოგადოების ინფორმირებულობის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სწორედაც ევროპულ სტანდარტებს. მაშინ, როდესაც მსოფლიოში, რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, ქვეყნის ხელისუფლების და საზოგადოების გონივრული მიდგომებით უზრუნველყოფილია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ დესტაბილიზაცია და შევინარჩუნოთ ურყევი მისწრაფება ევროინტეგრაციისაკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს იქნება ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვება!",- წერს ლევან ფხაკაძე.
ბიზნესმენი ილია წულაია
„არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი გამჭვირვალეა და მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ნებისმიერ სხვა, მათ შორის არასამთავრობო სექტორშიც.
როგორც ილია წულაია სოციალურ ქსელში "რუსულ კანონთან" დაკავშირებით წერს, ევროპის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ გამჭვირვალობაა.
როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, დარწმუნებულია, რომ ქვეყანა გააგრძელებს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მისაღწევად.
"მე, როგორც არქის დამფუძნებელი და ქართული ბიზნესის წარმომადგენელი, ვფიქრობ საჭიროებაა იმისა, რომ დავაფიქსირო ჩემი შეხედულება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები პირადად ჩემი და ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო არჩევანია.
ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია გახდეს ევროპის დიდი ოჯახის ნაწილი, რის მისაღწევადაც, ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადაიდგა არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი: ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღება.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა - ქართველი ხალხი, ხელისუფლება გააგრძელებს პროგრესს ამ გზაზე და ერთად მივაღწევთ საბოლოო მიზანს - ევროკავშირში გაწევრიანებას!
ასევე, მიუხედავად იმისა ხარ თუ არა დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ყველასთვის ნათელი უნდა იყოს - 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბიზნესისადმი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა, ჩამოყალიბდა ბიზნესის კეთებისთვის თავისუფალი და უსაფრთხო გარემო, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ გაზარდონ საკუთარი ბიზნესი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. შედეგად მივიღეთ სტაბილური და რაც მთავარია სწრაფი ტემპით მზარდი ეკონომიკა, რაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.
რაც შეეხება დღევანდელი აჟიოტაჟის თემას, გამჭვირვალობის კანონს, თითოეული ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ გამჭვირვალობა და კარგი მმართველობაა (Good Governance). ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი გამჭვირვალეა, მათ შორის საგადასახადო და ინვესტიციების წარმომავლობის კუთხით. ჩემი ღრმა რწმენით, ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ნებისმიერ სხვა სექტორში, მათ შორის არასამთავრობო სექტორში.
კარგად მოგეხსენებათ, რომ სწორედ ადგილობრივი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის უცხოური (დიდი ალბათობით ჩრდილოეთიდან) გაუმჭვირვალე დაფინანსებით მოხდა ხელოვნური აქციების გამართვა და არაერთი სტრატეგიული პროექტის განხორციელების შეფერხება (მათ შორის ნამახვანიჰესი), რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს.
ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ვალია, არ მივცეთ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სიტუაციის არევის საშუალება და მშვიდობა და განვითარება შევინარჩუნოთ! დარწმუნებული ვარ, ბრძენი ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის საკუთარ სიტყვას სიმშვიდის შენარჩუნების, საქართველოს განვითარების და ევროინტეგრაციის საქმეში!",- წერს ილია წულაია.
ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია
CBS ჯგუფის დამფუძნებელი, ხვიჩა მაქაცარია აცხადებს, რომ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტისა და ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული რჩება.
როგორც Imedinews-ი წერს, ბიზნესმენი აცხადებს, რომ ხელისუფლება პროგნოზირებადი გარემოს შექმნას ცდილობს.
"მე, როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესჯგუფის დამფუძნებელი, რომელსაც რვა ათასამდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ქვეყანაში სტაბილურად მზარდი ეკონომიკის შენარჩუნების მომხრე ვრჩები, რასაც ქვეყნის ხელისუფლებასთან მუდმივი და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული დიალოგის შედეგით მივაღწიეთ. როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის და ქართული საზოგადოების წევრი ვთვლი რომ საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საჭიროა მდგრადი ბიზნესისა და ევროპული კურსის შენარჩუნება, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესი ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას, რომელიც თავის მხრივ ცდილობს პროგნოზირებადი გარემოს შექმნას, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უმარტივებს ქვეყნის ეკონომიკაში გრძელვადიანი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებას. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ჩვენი ბიზნესჯგუფის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გარიგება, როდესაც რუსული წარმოშობის კომპანია სრულად იქნა გამოსყიდული ჩვენს მიერ და ამ სრულად ქართულმა კომპანიამ ეროვნულ ბანკთან, ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით და საქართველოს ორი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტის დახმარებით 65 მილიონი ლარის მოცულობის უზრუნველყოფილი ობლიგაციები განათავსა და აღნიშნული ობლიგაციები კი ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული,
ზემოხსენებული ურთულესი ფინანსური ტრანზაქციის გარანტია კი სწორედ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი უსაფრთხო ბიზნესგარემო და განვითარების სტაბილური ევროპული კურსი გახლდათ.
მე როგორც ბიზნესჯგუფის დამფუძნებელი, რომლის ყველაზე მსხვილი კომპანიები რეგულირებულია სახელმწიფოს, მიერ გაცემული ლიცენზიებით, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს საქმიანობის აბსოლუტურ გამჭვირვალობას, როგორც ფინანსური და მარეგულირებელი ინსტიტუტებისთვის, ასევე საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის, ვრჩები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის და ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული, როგორც ბიზნესმენიც და როგორც საქართველოს მოქალაქეც”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბიზნესმენი მინდია საბანაძე
ამერიკული, ჰოლდინგური კომპანია IG International-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე უერთდება იმ ბიზნესმენების ნაწილს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ბიზნეს გარემო არასოდეს ყოფილა ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ასე ეხმაურება საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი პარლამენტში განხილვაში არსებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და აქედან გამომდინარე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან სტაბილური კომუნიკაცია კომპანიების მაქსიმალური განვითარების შესაძლებლობას იძლევა და სჯერა, რომ ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია.
„მე, როგორც ერთ–ერთი მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის დამფუძნებელი, მსურს დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენი კომპანიის საქმიანობა ბევრ წელს ითვლის. ბიზნესი ვითარდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური მმართველობის დროს. ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ის გამოწვევები და სირთულეები, რომელთა წინაშეც არაერთხელ აღმოვჩნდით. ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად იზრდება, არასოდეს არ ყოფილა ბიზნეს გარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ეფექტური კომუნიკაცია, სტაბილური გარემო გვაძლევს განვითარების მაქსიმალურ შესაძლებლობას.
დღეს ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია. ღრმად მწამს და მჯერა, რომ მალე საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი“, - წერს მინდია საბანაძე Facebook-ის პირად გვერდზე.
ბიზნესმენი ზაზა გოგოტიშვილი
სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დამფუძნებლის ზაზა გოგოტიშვილის შეფასებით, გარემომ, სადაც მნიშვნელოვანი პროცესები გამჭვირვალე არ არის, შესაძლოა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს. ამის შესახებ ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
ბიზნესმენი კომპანიების ფუნქციონირებისთვის, ევროპული ღირებულებებს უალტერნატივოდ მიიჩნევს და წერს, რომ სახელმწიფო მაშინ შეძლებს განვითარებას, თუ ხალხისთვის მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი.
„ჩემთვის, როგორც ქართველი ბიზნესმენისთვის, რომელიც 35 წელია სტაბილურად ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, ევროპა და ევროპული ღირებულებები ყოველთვის იყო და იქნება უალტერნატივო არჩევანი. შესაბამისად, კარგად მესმის მშვიდობის და სტაბილურობის ფასი, რაც დროთა განმავლობაში მოიპოვა საქართველომ.
მიმაჩნია, რომ ევროპული, თანამედროვე, დემოკრატიულ და სამართლის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო მაშინ შეძლებს განვითარებას, თუ მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი ხალხისთვის.
იმ შემთხვევაში თუ უფრო ინფორმირებული გახდება საზოგადოება, თითოეულ მხარეს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ამა თუ იმ პროცესში და გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე შეძლოს გადაწყვეტილებების გააზრებულად მიღება.
გარემომ, სადაც მნიშვნელოვანი პროცესები გამჭვირვალე არ არის, შესაძლოა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს, დასავლურ მომავალს, სადაც სტაბილურობა და გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი ფასეულობებია“, - წერს „ანაგის“ დამფუძნებელი ზაზა გოგოტიშვილი.
საქართველოს უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 1989 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობაა. მისი საქმიანობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს.
ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი
სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მმართველი პარტნიორი, შოთა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ გამჭვირვალობა ჯანსაღი მოვლენაა, გაუმჭვირვალობა კი უზარმაზარ საფრთხეებს შეიცავს, განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ძალიან მოწყვლადი არიან ეგზოგენური ფაქტორების მიმართ.
შოთა ბერეკაშვილი "რუსულ კანონთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს საზოგადოებაში განვითარებულ მოვლენებს. რეგიონში ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რომელიც არნახული გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას. ასეთ ვითარებაში სრულიად საქართველოს გვმართებს დიდი სიფრთხილის გამოჩენა, რათა წლების მანძილზე თითოეული ჩვენგანის დაუღალავი შრომის მონაპოვარი არ დავკარგოთ. საქართველოს მომავალი ევროპული ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელია. ევროინტეგრაციის იდეა ასულდგმულებს ქართველ ხალხს საბჭოთა მარწუხებისგან გათავისუფლების დღიდან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ევროპულ ოჯახში შესვლა არ არის მარტივი პროცესი, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა წარმოუდგენლად მოკლე დროში. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ უამრავი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას და კერძოდ სამშენებლო სექტორს. კანონმდებლობის და რეგულაციის ევრონორმებთან ჰარმონიზაციის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოში მშენებლობა ხორციელდება წამყვანი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი უსაფრთხოების და ხარისხის ნორმების სრული დაცვით.
ევროინტეგრაციის გზაზე სერიოზული პროგრესის მიუხედავად, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. სამწუხაროდ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არიან ძალები, რომლებიც საკუთარი ვიწრო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არ ერიდებიან საქართველოს და საკუთარი ხალხის ინტერესების მსხვერპლად შეწირვას. არაერთი უსაფუძვლო და დაუდასტურებელი ბრალდების ადრესატი გამხდარა ჩვენი ქვეყანა ბოლო 2 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. დრომ აჩვენა, რომ საქართველო თავისი ხალხით, კერძო და სახელმწიფო სექტორებით მყარად დგას თავისუფლების, სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის მხარეს. ევროკავშირში გაწევრიანება კომპლექსური პროცესია, რომელიც კანდიდატი სახელმწიფოსგან ბევრი მიმართულებით მოითხოვს მნიშვნელოვან პროგრესს. ამ კუთხით, ქვეყნის ეკონომიკური მზაობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია. დღეს საქართველოში ჩამოყალიბდა ბიზნესის განვითარებისთვის ძალზე ნაყოფიერი გარემო. სახელმწიფო სექტორი და მთავრობა მუდმივ დიალოგში იმყოფება კერძო სექტორთან. ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ბიზნესის წარმოებას უკავშირდება წინასწარ განხილვას ექვემდებარება ამ ორი სექტორის წარმომადგენლებს შორის. ხშირად პოზიციები განსხვავებულია, მაგრამ მისასალმებელია საქართველოს მთავრობის და სახელმწიფოს მიდგომა გამოინახოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებს ითვალისწინებს და არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი მხარის “გამარჯვებას”. ასეთი კონსტრუქციული ბიზნეს გარემოს შექმნის შედეგია ის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში ფიქსირდება ყოველწლიურად.
ასევე, დიდია სამოქალაქო საზოგადოების წვლილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და პატივი უნდა ვცეთ, როგორც ერთმანეთის აზრს, ისე უმრავლესობის პოზიციას, რომელიც ფიქსირდება აზრის გამოხატვის დემოკრატიული მექანიზმებით. დემოკრატიის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი კი გამჭვირვალობაა, რომლის გარეშეც ამ სისტემის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. გამჭვირვალობა არის ჯანსაღი მოვლენა, გაუმჭვირვალობა კი უზარმაზარ საფრთხეებს შეიცავს, განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ძალიან მოწყვლადი არიან ეგზოგენური ფაქტორების მიმართ. ასევე, ჯანსაღი კონკურენცია საწინდარია და უფრო მეტიც, ერთგვარი დაცვის მექანიზმია ისეთი მოთამაშეებისგან, რომლებიც ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას არაკეთილსინდისიერი მეთოდებით. და ბოლოს, უინსტონ ჩერჩილის პერიფრაზი, რომ გავაკეთოთ დემოკრატია მმართველობის საშინელი ფორმაა, თუმცა ბევრად სჯობს ყველაფერს სხვას, რაც კაცობრიობამ გამოცადა",- წერს შოთა ბერეკაშვილი სოციალურ ქსელში.
ბიზნესმენი Სოსო ფხაკაძე
“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტი, "ვისოლის" თანადამფუძნებელი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას.
ბიზნესმენი "რუსულ კანონთან" დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე არ ვდგავართ და პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში გადაინაცვლეს.
"მოგესალმებით მეგობრებო!
გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს! გულითადად ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, მის მოქალაქეებს!
ამასთან, საჭიროდ მივიჩნიე ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, ბიზნესმენმა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კერძოდ კი ბიზნესსა და ეკონომიკურ პროცესებში, აქტიურად ჩართულმა პირმა.
უპირველეს ყოვლისა, ვეხმიანები და ვუერთდები ქართული საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის სულისკვეთებას და ერთიანობას უმთავრეს საკითხში: ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი არის ევროპა და ევროპული ღირებულებები! ჩემი აზრით, ამ ნაწილში სხვა სახის მიდგომა ისტორიის არცოდნა და ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნებოდა!
სწორედ ეს ღირებულება, მისწრაფება და მიზანია ის უმთავრესი, რაზეც ჩვენი საზოგადოება ყოველთვის აკეთებს და გააკეთებს არჩევანს.
ვფიქრობ, წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის მანძილზე, დაუახლოვდა ევროპას, რაც აისახა ასოცირების შეთანხმებაში და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დღის წესრიგის შესრულებაში, რომლის ფარგლებშიც არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების, უსაფრთხო და კონკურენტული, ჯანსაღი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბების, გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი, გამარტივებული საჯარო სერვისების, საჯარო მმართველობის სისტემის შექმნის კუთხით.
ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, მოგვიტანა ვიზა ლიბერალიზაცია. გასული წლის ბოლოს კი ჩვენ ყველამ ერთად ვიზეიმეთ კანდიდატის სტატუსის მონიჭება, როგორც ქართველი ხალხის ურყევი ნების აღსრულება!
ბუნებრივია, ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. თუმცაღა, აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამ, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, უმძიმეს განსაცდელში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა და მრავალი წლით დაგვწია უკან განვითარებული სამყაროსგან.
მინდა მჯეროდეს, რომ დღეს ჩვენ ამ სახის საშიშროების წინაშე არ ვდგავართ და მიმდინარე პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს პროფესიულ და კონსტრუქციულ დისკუსიებში, განხილვებში. ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს სამშობლოს “სიყვარულში” ისე, რომ თვითონ ეს, ყველაზე სანუკვარი და ტკბილი სამშობლო დავაზიანოთ.
ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში რთული პროცესები მიმდინარეობს, რაც გარემოს ისედაც მყიფეს ხდის. ქვეყნის ხელისუფლების გონივრული მიდგომებით უზრუნველყოფილია ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, და მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი დესტაბილიზაცია, რომელიც, მერწმუნეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებზე დაასხამს წყალს.
მე, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს იქნება სრულიად საქართველოს, მისი ნებისმიერი მოქალაქის ერთობლივი გამარჯვება!
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას ევროპის გზაზე",- წერს სოსო ფხაკაძე.
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილის განცხადებით, ევროპა საქართველოს მომავალია და ქართველები ერთიანები და გამჭვირვალეები უნდა იყვნენ როგორც ერამანეთისკენ, ისე ქვეყნის მთავარი ინტერესებისკენ მიმავალ გზაზე.
Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ბიზნესმენი ერთი თვის წინ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით იწყებს საუბარს და იმ ერთიანობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც 26 მარტს საქართველოს ნაკრების გამარჯვებამ მოიტანა. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ გადამწყვეტ მომენტში ქართველებმა იმაზე უნდა იფიქრონ რაც გვაერთიანებს და არა იმაზე - რა გვყოფს. ბიზნესმენი იმასაც აცხადებს, რომ ერთმორწმუნე რუსეთი, რომელიც ჩვენი მამულის, ენის და სარწმუნოების მტერია.
„ჩვენი ფეხბურთის ნაკრების გამარჯვებამ და ევროპაზე გასვლამ, როგორ შეგვკრა და შეგვაკავშირა ყველა თაობის ადამიანი - ყველა, როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე, ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი, ერთად ვზეიმობდით ამ დიდ გამარჯვებას.
საღად მოაზროვნე, არცერთი ადამიანი არ იფიქრებდა, ეს იმ პარტიას წარმოადგენს, ეს ამ სარწმუნეობას, ეს ამ უმცირესობას და ამიტომ, ან ნაკლებად ან მეტად უნდა უხაროდეს და ეზეიმებოდესო.
არადა, რომ დავფიქრდეთ, ხომ იმიტომ იყო ეს სიხარული საერთო, რომ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებასთან იყო ასოცირებული? ამაზე მაგარი განცდა არ არსებობს, როცა უცნობებს და ნაცნობებს ერთი დიდი ოჯახივით გვიხარია რაღაც. ეს მთავარი რაღაც კი, სწორედ ქვეყნის სიყვარულია. ამ ემოციას მართლა ვერაფერი ანაცვლებს, თორემ აგერ ერთი თვის წინანდელი განცდები გავიხსენოთ ყველამ.
იმ მატჩმა ისიც ხომ აჩვენა, სიყვარულით როცა ვერთიანდებით რამხელა ძალა ვართ და რა ძალის კავშირი. ჰოდა, რა მოხდა, ქვეყნის სიყვარულის და მისი ინტერესების ირგვლივ რომ ვიყოთ მუდამ ერთიანები, დაუყოფლები, ერთი მიზნით შეკრულები, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და მამულიც ენაც, სარწმუნოებაც, დროშაც, ჰიმნიც, გერბიც სწორედ ჩვენი ერთობის ქვაკუთხედია.
რა ვიცი, ხანდახან, გადამწყვეტ მომენტებში, ხომ შეიძლება, იმაზე უფრო ვიფიქროთ, რაც გვაერთიანებს და არა - რაც გვყოფს? საქართველო მუდამ ტოლერანტული ქვეყანა იყო, ღმერთი კი, ჩემი აღქმით, მართლა ყველაზე თანამედროვეა, რადგან მარადიულ ფასეულობებს ემყარება მისი მოძღვრება, სიყვარულს, სიკეთეს, მიმტევებლობას - ამიტომაა მუდმივი პროგრესის საწყისიც. არასოდეს რომ გადავა მოდიდან და არასდროს გახუნდება, ვიდრე დედამიწა იარსებებს.
ჰოდა, ქართველი არასდროს ყოფილა არც რეტროგრადი, არც ფანატიკოსი. ამას ვერავინ დაგვაბრალებს ვერასდროს.
მამული, ენა, სარწმუნოება და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების მიხედვით მოქმედება და წინსვლა გვჭირდება დღესაც და ხვალაც. ვიყოთ ერთიანები, გამჭვირვალეები როგორც ერთმანეთისკენ ისე ქვეყნის მთავარი ინტერესებისკენ მიმავალ გზაზე. არ შევაფერხოთ პროგრესი და არც ქვეყნის მომავალი.
ევროპა ჩვენი მომავალია და ჩვენ ვართ ევროპა, ფასეულობებით, წარსულით და მომავალი ჩვენი ფერადი შვილების თაობით.
აგერ გვყავს მეზობელი ერთმორწმუნე, მაგრამ დაუძინებელი მტერი, ჩვენი ერთობისაც, მამულისაც, რწმენისაც და ენისაც.
ამიტომაც, ერთობით, ღირსებით, ქვეყნის ინტერესების დაცვით უნდა გავიტანოთ გოლები და არ ვიყოთ ნულები არსად არავისთან არასდროს.
ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანას გაუმარჯოს და მის უმაგრეს ხალხს“, - წერს ბიზნესმენი.
დიმიტრი აბდუშელიშვილის კომპანიები ქვეყანაში ლოგისტიკური მიმართულებით ოპერირებენ. ის Wondernet Express Investment Group-ის დამფუძნებელია, რომელიც ბათუმის "სასუქების მულტიმოდალურ ტერმინალს“ მართავს.
ბიზნესმენი გიორგი მამადაშვილი
"ელიტ ტექნოლოჯის" დამფუძნებელი გიორგი მამადაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესს და მთავრობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთიანი ხედვა აქვთ.
ბიზნესმენი "რუსულ კანონთან" დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს, რომ კანონპროექტი ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული, რადგან გამჭვირვალობა არა წინსვლისთვის ხელის შემშლელი, ხელშემწყობი პირობაა.
"დღეს ქვეყანაში არის სტაბილური ბიზნესგარემო, რაც მნიშვნელოვანი და უპირველესი პირობაა ბიზნესის განვითარებისა და მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად. ბიზნესს და მთავრობას ერთიანი ხედვა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით. კერძო სექტორის საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ უფრო მეტად სიკეთე და მეტი კეთილდღეობის საშუალება მისცეს თითოეულ მოქალაქეს.
ქვეყანას სჭირდება სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რათა მსოფლიოში არსებული რთული გამოწვევების ფონზე შეძლოს და განვითარდეს.
მიმაჩნია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი სწორედ ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული, რადგან გამჭვირვალობა არა წინსვლისთვის ხელის შემშლელი, არამედ პირიქით, ხელშემწყობი პირობაა.
ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომელიც ყველას გვაერთიანებს, ჩვენ დიდი ხანია, ვდგავართ ამ გზაზე, ვიზიარებთ ღირებულებებს და ვისწრაფვით გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი - ჩვენი ტრადიციებით, ღიაობით, გამჭვირვალობით და პრინციპებით",- წერს ბიზნესმენი.
ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე
"ვრ ჰოლდინგის" დამფუძნებელი ნოშიკო ნამორაძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება ვერ იქნება ვერცერთი ჩვენი მეგობარი თუ არამეგობარი ქვეყნისთვის მოსაწონი, რადგან ამ კანონით ქვეყანა იმყარებს საკუთარ ინტერესს ცივილიზებულ სამყაროში.
"რუსულ კანონთან" დაკავშირებით ბიზნესმენი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობას.
"პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული, გისურვებთ მშვიდობასა და მტკიცე ერთობას!
მე ნოშიკო ნამორაძე, კერძო სექტორის წარმომადგენელი, კერძოდ "ვრ ჰოლდინგის" დამფუძნებელი და უბრალოდ ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, არ შემიძლია, რომ არ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
2012 წლიდან ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან, პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს ბიზნესს ლანდშაფტში. ჩვენ დავინახეთ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები ეკონომიკურ ნაწილში, შეიქმნა დამატებით მრავალი სამუშაო ადგილი და საერთო ჭრილში, რომ აღვნიშნოთ ყოველივე წინ გადადგმულმა ნაბიჯმა გამოიწვია სტაბილური და სწრაფად მზარდი ეკონომიკა, რაც დადებითად აისახება, როგორც ჩვენს მოქალაქეებზე, ასევე ჩვენს ქვეყანაზე.
დავიწყოთ იქიდან, რომ ევროპული ღირებულებები წარმოადგენს სიცოცხლისუნარიან გზას პირადად ჩემთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ პარტიული გემოვნებისა, ჩვენ ქართველ ხალხს, დიდი ხნის წინ გვაქვს ევროპული არჩევანი გაკეთებული და სწორად მაგ გზაზე ვდგავართ დღესაც, რაც აისახა შემდგომში უკვე ასოცირების ხელშეკრულებაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, კანდიდატის სტატუსზე, თუ სხვა ევროპულ მონაპოვარზე, რომელიც ვფიქრობ, რომ შემთხვევით არ მოსულა ჩვენამდე და ეს ყველაფერი სწორი და ღირსეული პოლიტიკური ნაბიჯების შედეგია. ქართველების კოლექტიური მისწრაფება ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციაა და ამას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. ვფიქრობ და გულით მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნისკენ.
დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც ემსახურება საკუთარი ქვეყნისა თუ მოქალაქეების ინტერესს და ჩვენ ყველა ერთად, უპირველეს ყოვლისა უნდა ვითვალისწინებდეთ ჩვენი ქვეყნის საჭიროებებს. სწორედ მთელი საქართველოს უძველესი თუ უახლესი ისტორია ამაზე იდგა და დგას, რომ საქართველო იყო, არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვცხოვრობთ ღირსეულ სახელმწიფოში, რომელიც ღირსეულად წარმართავს თავის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას დღესაც და მომავალშიც.
რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიებს, აუცილებელია გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის აღიარება, როგორც ფუნდამენტური საყრდენი, რომელიც ეხმიანება ევროპულ ღირებულებებს. ეს ეთოსი სცილდება ბიზნესსექტორს და მოიცავს საზოგადოების ყველა ასპექტს. გამჭვირვალობა აუცილებელია ყველა სექტორში. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ფარული უცხოური დაფინანსების მავნე გავლენა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებზე, რომლების “გაუქმება ან გადადება” ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესს.
ვფიქრობ, რომ რა არჩევანიც არ უნდა გავაკეთოთ ქართველმა ხალხმა, გამჭვირვალობის გარეშე, ყველა წამოწყება განწირულია მარცხისთვის.
გამჭვირვალობა კი არ უნდა გვაშინებდეს, პირიქით როგორც ხელის შემწყობ ინსტრუმენტს, ასე უნდა აღვიქვამდეთ. გამჭვირვალობის კანონის მიღება ვერ იქნება ვერცერთი ჩვენი მეგობარი თუ არამეგობარი ქვეყნისთვის მოსაწონი და მისაღები, რადგან ამ კანონით ჩვენი ქვეყანა ატარებს და იმყარებს საკუთარ ინტერესს ცივილიზებულ სამყაროში, ამ კანონით ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და არავის აქვს უფლება რაიმე საფრთხე შეუქმნას საქართველოს მშვიდობასა და სტაბილურობას.
დასასრულს, ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და კეთილდღეობას. მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს მთავრობას და მჯერა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ გადაუხვევს ევროპულ გზას და არ დააზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამასთანავე დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის სიმტკიცესა და სიბრძნეში, ქართველები უდავოდ გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ ქვეყნის წაყვანას.
“ენა, მამული, სარწმუნოება”.
საქართველო უპირველეს ყოვლისა!",- წერს ნოშიკო ნამორაძე.
კომპანია "ფერი"
"რუსულ კანონსთან" დაკავშირებულ მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა "ფერი". კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველომ განაგრძოს მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკის განვითარებისა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე სიარული და ასევე ქვეყანაში შესაძლებელი იყოს ისეთი დემოკრატიული პრინციპის დანერგვა, როგორიც ფინანსური გამჭვირვალობაა.
"კომპანია “ფერისა” და მასთან აფილირებული კომპანიების სახელით, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო კვირებისა და დღეების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
ჩვენი კომპანია, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებიდან, ჩართულია ქვეყნის ეკონომიკის, კერძოდ, სამშენებლო და ენერგეტიკის სფეროს განვითარებაში.
ბოლო 33 წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ განხორციელებულია არაერთი პროექტი, რომლის პარტნიორები, დამკვეთები და კონტრაქტორები იყვნენ როგორც ქართული, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპული (საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, იტალია და ა.შ.) და აზიური (თურქეთი, იაპონია, ჩინეთი და ა.შ.) კომპანიები.
ჩვენ ამ კომპანიებთან როგორც ევროპულ ფინანსურ ინსტიტურებთან, ასევე ქართულ ბანკებთან თანამშრომლობით, განვახორციელეთ ქვეყნისთვის არაერთი სასიკეთო პროექტი და როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიამ, კარგად ვიცით ქვეყნის სტაბილურობის, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.
საკამათო არ არის, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა განიცდის მნიშვნელოვან აღმავლობას, რაც სტატისტიკური მონაცემებით, და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით დასტურდება. აღნიშნული მნიშვნელოვნად განპირობებულია ქვეყანაში არსებული მშვიდობითა და სტაბილურობით (რამდენადაც ეს შესაძლებელია ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, ზოგადად მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე). ასევე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების, ბიზნესწრეებთან უშუალო და საქმიანი ურთიერთობით და ბისზესისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნით.
ქვეყანაში ინიიცირებულია და მოქმედებს მრავალი პროგრამა და ბიზნესის ხელშეწყობის სქემა. რაც თავის მხრივ შესაძლებლობას მისცემს არაერთ ახალ წამოწყებას და არსებულ საწარმოებს განავითარონ მათი შესაძლებლობები და უფრო მეტი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის ზრდაში.
ჩვენ, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს კეთილმოსურნეები, შეშფოთებულები ვართ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობით. რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება როგორც ჩვენს ბიზნესსა და მის მომავალ გეგმებზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკასა და პერსპექტივებზე.
ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობა მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოურ და ადგილობრივ პარტნიორ კომპანიებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, გულისხმობს მაქსიმალურ გახსნილობას და გამჭვირვალობას შესაბამისი საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების და სახელმწიფო ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულების მოთხოვნების დაცვის კუთხით.
აღნიშნული ვრცელდება როგორც ჩვენი და ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე, ასევე ბიზნესოპერაციებზე. ვთვლით, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა, რასაც კეთილსინდისიერად ვასრულებთ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ვთვლით რომ როგორც ქვეყნისთვის ზოგადად, ასევე მისი ევროპული მომავლისთვის არსებითია საქართველოს სტაბილურობისა და კონსტიტუციით განსაზღვრული კურსის შენარჩუნება, რაც არ შეიძლება მოდიოდეს წინააღმდეგობაში საყოველთაოდ აღიარებულ და მისაღებ პრინციპებთან, ისეთი როგორიც არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.
და ბოლოს, მიგვაჩნია, რომ როგორც საქართველოს სახელმწიფომ, ასევე პოლიტიკურმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკის განვითარებისა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე სიარული და ასევე ქვეყანაში შესაძლებელი იყოს ისეთი დემოკრატიული პრინციპის დანერგვა, როგორიც ფინანსური გამჭვირვალობაა",- აღნიშნულია განცხადებაში.
ბიზნესმენი ირაკლი კვერღელიძე
"ორბი ჯგუფის" გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობა არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, "რაზედაც შეიძლება დავაშენოთ ახალი მიდგომები, რომელიც ჩვენი მომავალი თაობის, ბიზნესით დაინტერესებული ახალგაზრდების გასაღები იქნება, დასავლურ საქმიან სამყაროში". ბიზნესმენი საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„საქართველო, ეკონომიკური განვითარების სწორ გზაზეა. ყოველდღიურად იზრდება ევროპული ქვეყნებისა და სხვა წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს ბაზრით დაინტერესება, რაც განპირობებულია, სწორი და პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკით და პირდაპირ მიანიშნებს ბიზნესის თავისუფლებაზე, რაც საბოლოო ჯამში დასავლური ინვესტიციების დაინტერესებას იწვევს და ამაზე მოწმობს, არაერთი საერთაშორისო კვლევა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, საქართველო აღწევს წარმატებებს ბევრი მიმართულებით და ეს პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მოქმედი ბიზნესისთვისაა ხელსაყრელი, რათა შექმნას ეკონომიკური დოვლათი.
ქვეყნის განვითარების გზაზე, ასევე ხაზგასასმელია გამჭვირვალე, საქმეზე ორიენტირებული და ეფექტური კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. ზოგადად, გამჭვირვალობა არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რაზეც შეიძლება დავაშენოთ ახალი მიდგომები, რომელიც ჩვენი მომავალი თაობის, ბიზნესით დაინტერესებული ახალგაზრდების გასაღები იქნება, დასავლურ საქმიან სამყაროში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ევროპული მომავალი, მათ აბსოლუტურად განსხვავებულ შესაძლებლობებს მისცემს. საქართველოს გზა ევროპაშია“, - წერს Facebook პირად გვერდზე ირაკლი კვერღელიძე.
ბიზნესმენი ვანო ნაკაიძე
ზომიერების, გამჭვირვალობის და კომპრომისის ნუ შეგვეშინდება - ამის შესახებ კომპანია Gulf-ის დამფუძნებელი ვანო ნაკაიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციირებულ კანონპროექტთან და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
„მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების და იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო, ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთობა და სტაბილურობა!
დღეს, როცა სამყარო შეუჩერებელ კონკურენციასა და ფასეულობათა ჭიდილში იმყოფება, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის მოვალეობაა ვემსახუროთ უზენაეს მიზანს - ერთიანობით ვიაროთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, გამთლიანების, კეთილდღეობის და ევროინტეგრაციის გზაზე.
ზომიერების, გამჭვირვალობის და კომპრომისის ნუ შეგვეშინდება - ამ სახის კონკურენციას მხოლოდ ერთი გამარჯვებული შეიძლება ჰყავდეს და მას საქართველო ჰქვია!“ - წერს ვანო ნაკაიძე.
"ქართული ოცნება" საქართველოში "რუსული კანონის" მიღებას წელსაც ცდილობს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო დონორული ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები თუ უცხოური ასოციაციებია.
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი
ქართული ბიზნესი ევროპულია, მუშაობს ევროპულად და მას არაფერი აქვს ქართველი ხალხისგან დასამალი, არც მთავრობას და არასამთავრობო სექტორს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე დასამალი ქართველი ხალხისგან - ამის შესახებ ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
ჩხარტიშვილი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მთავრობა სიტყვითაც და საქმითაც ყველაფერს აკეთებს საქართველოს ისტორიული ევროპული არჩევანის გასაძლიერებლად.
„პოლარიზაციის გაღრმავება ქვეყანაში ყოველთვის იყო და იქნება ქართველი ბიზნესმენების ბუნებრივი შეშფოთების საგანი, რადგან მუდმივი რყევები და დაძაბულობა საზოგადოებაში არაპროგნოზირებადს ხდის ბიზნესგარემოს.
ეს კი შემაფერხებელია ნებისმიერი ინვესტორისთვის და შესაბამისად, ნიშნავს ნაკლებ ინვესტიციას, ნაკლებ სამუშაო ადგილს და ნაკლებ ბიუჯეტს სოციალური პროგრამებისთვის.
სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია და არავინ შეიძლება იყოს მიტინგების და ცხარე დებატების წინააღმდეგი. მაგრამ, ქვეყნისთვის და ბიზნესისთვისაც დამაზიანებელია ის, რომ წლებია დაპირისპირებამ საზოგადოებაში შეიძინა შეურიგებელი ხასიათი, შეწყდა დიალოგი მხარეებს შორის, გაბატონებულია სიძულვილის ენა, ხდება ერთმანეთის სტიგმატიზაცია, გაუცხოება და საერთო საქვეყნო თემებზე ერთად მუშაობის იგნორირება. ეს აბრკოლებს ჩვენს სწრაფვას ევროპისკენ, რადგან ევროპა და ევროპული ღირებულებები, უპირველესად, განსხვავებული აზრების შეჯერებით განვითარებისა და წინსვლის ხელოვნებაა.
ჩემს მიერ დაფუძნებულმა „სმარტ კაპიტალის“ ჯგუფმა, როგორც სოციალურად პასუხისმგებლობიანმა ბიზნესმა, 2012 წლიდან, როცა ბიზნესის კეთება საქართველოში თავისუფალი გახდა, ქვეყანაში განახორციელა ათეულ მილიონობით ლარის ინვესტიცია და დაასაქმა ათასობით ადამიანი. ეს წლები ასევე განუხრელად ვზრდიდით შენატანებს ბიუჯეტში და პარალელურად ვახორციელებდით სოციალურ პროგრამებს ქართული იდენტობის განმსაზღვრელი, ტრადიციული გალობისა და სიმღერის მხარდაჭერის, სმენადაქვეითებული მოზარდების ხელშეწყობის, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და სხვა მიმართულებებით. მაგრამ ჩვენი წარმატების მთავარი პირობა მაინც ისაა, რომ ჩვენი ბიზნეს ჯგუფის საქმიანობა ყოველთვის იყო და არის ღია და გამჭვირვალე. მსოფლიოს დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიები ყოველწლიურად აქვეყნებენ ანგარიშს კომპანიის საქმიანობასა და ფინანსებზე, რომელიც საჯაროა და გადამწყვეტი ფაქტორია ევროპელი პარტნიორებისათვის „სმარტ კაპიტალთან“ სათანამშრომლოდ. ასე მუშაობს მსოფლიო ბიზნესი, განსაკუთრებით კი ევროპული, როგორც ერთიანი დემოკრატიული სისტემის შემადგენელი ნაწილი.
ამ თვალსაზრისით, „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის შეურიგებლად პოლარიზებული გარემო სცილდება თვითონ დავის არსს. გამჭვირვალობას არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს ალტერნატივა, რადგან მისი ალტერნატივა არის გაუმჭვირვალობა. ქართული ბიზნესი ევროპულია, მუშაობს ევროპულად და მას არაფერი აქვს ქართველი ხალხისგან დასამალი, არც მთავრობას და არასამთავრობო სექტორს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე დასამალი ქართველი ხალხისგან.
აქსიომაა, რომ პოლიტიკოსებმა თავიანთი საქმე უნდა აკეთონ, ბიზნესმენებმა თავიანთი და არასამთავრობოებმა თავიანი, მაგრამ თითოეულის საქმიანობა რომ უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, ესეც აქსიომაა. ეს ევროპული უნივერსალური ღირებულება და ბერკეტია, რითაც ხდება ქვეყნების დემოკრატიული მართვა და რისკების აცილება. ჩვენს შემთხვევაში კი რისკები, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არის სერიოზული. ამიტომ, ვერაფერს ვხედავთ არადემოკრატიულს და არაევროპულს იმაში, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს ქვეყანაში შემოსული თითოეული ცენტის დანიშნულება. სხვა თუ არაფერი, ეს ნებისმიერ ევროპულ და ცივილიზებულ ქვეყანაში ფინანსების აღრიცხვისა და ანგარიშგების უპირველესი და ელემენტარული მოთხოვნაა.
ბიზნესი და ეკონომიკა არ უნდა გახდეს პოლიტიკური დებატების მძევალი და საზოგადოებრივმა დაძაბულობამ კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენოს ყველა ის დადებითი ტენდენცია, რაც ბოლო წლებში იქნა მიღწეული. 2012 წლიდან საქართველოს ეკონომიკა გახდა მდგრადი და განუხრელად იზრდება, რაშიც უდიდესი წვლილი ბიზნესწრეებს შეაქვთ. ბიზნესი გათავისუფლდა რეკეტისგან, ბიუროკრატიული წნეხისა და კორუფციისგან, რასაც ადასტურებს არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევა, ანალიზი და სტატისტიკა.
მისასალმებელია ისიც, რომ ხელისუფლების კარები ღიაა ბიზნესისთვის, რაც მთავრობის მხრიდან ბიზნესმენთა ინიციატივების მხარდაჭერასა და ხელსაყრელ საკანონმდებლო გარემოზე ერთად მუშაობაში ვლინდება, ბიზნესის განვითარებისა და ექსპორტის წამახალისებელი პროგრამების განხორციელებაში გამოიხატება. ვერ ვიხსენებ მთავრობის ვერცერთ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ბიზნესს ეხებოდა და ოფიციალურ მიღებამდე ბიზნესმენებთან არ ყოფილიყო განხილული.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა სიტყვითაც და საქმითაც ყველაფერს აკეთებს ჩვენი ისტორიული ევროპული არჩევანის გასაძლიერებლად. ფაქტია, რომ მათი მმართველობის დროს მოხდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება და ევროკავშირის კანდიდატობის მიღება. დარწმუნებულები ვართ ასევე, რომ უმოკლესი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, ეს ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაა. ეს ასევე არის უმოკლესი გზა ჩვენი ბიზნესის გაძლიერებისკენ, დასაქმების გაზრდისკენ და კეთილდღეობისკენ, რის გარეშეც, უბრალოდ ვერ გავხდებით ევროპის სრულფასოვანი პარტნიორი. ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრობა ნიშნავს: მშვიდობას, სტაბილურობას და რა თქმა უნდა, ღიად და გამჭვირვალედ საქვეყნო საქმეების ერთად კეთებას“, - აცხადებს ბიზნესმენი.
რამდენიმე კვირაა, საქართველოს მოქალაქეები "რუსული კანონის" პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ. იმავეს ურჩევენ მმართველ პარტიას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის აშშ და ევროკავშირი.
25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. ასევე, შესაძლოა, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაც მოითხოვეს.
26 აპრილს, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნა. სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.