სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, უხვნალექიანმა გაზაფხულმა განაპირობა, რომ ადგილობრივ მოხმარებაზე მეტი გამომუშავება და ჭარბი ენერგიის ექსპორტი ხდებოდა. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეის მდგომარეობით კვლავ მიმდინარეობს 150 მგვტ-მდე ელენერგიის ექსპორტი თურქეთსა და სომხეთში.
“წლევანდელი გაზაფხული ჰიდროლოგიურად საკმაოდ უხვნალექიანი იყო. მაღალმთიანი რეგიონებიდან თოვლის დნობამ, ასევე ინტენსიურმა წვიმებმა განაპირობა, რომ ჩვენს ადგილობრივ მოხმარებაზე უფრო მეტი გამომუშავება ხდებოდა და ჭარბი ენერგიის გატანა ხდებოდა. თურქეთში დაახლოებით 500 მგვტ/სთ ენერგიის გატანა ხდებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, სომხეთში 70-80 მგვტ/სთ-ის გატანა ხდებოდა.
ახლა ეტაპობრივად შემცირდა ნალექი და საექსპორტო ენერგიის მოცულობაც, თუმცა ჯამში თურქეთსა და სომხეთში 150-მდე მგვტ ენერგიის გატანა ხდება და ეს შენარჩუნდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება იმპორტს, პირდაპირი იმპორტი არ განუხორციელებია ქვეყანას ზამთრის თვეებშიც კი. ხდებოდა აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი და თბოსადგურების მეშვეობით ამ ბუნებრივი აირისგან ელექტროენერგიის წარმოება და მისი გამოყენება ხდებოდა საკუთარი მოხმარებისთვის. წინა წლების შესაბამის პერიოდებთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა არის გაზრდილი და იმპორტის - შემცირებული”, - განაცხადა ნარმანიამ.