მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინა და IMF-ი $8.2-მილიარდიანი სასესხო პროგრამის პირობები შერბილებაზე შეთანხმდნენ - რა ცვლილებები შეაქვს კიევს დღგ-სთან დაკავშირებით?

ვოლოდიმირ ზელენსკი და კრისტალინა გეორგიევა

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო მონეტარული ფონდის ხელმძღვანელობა შეთანხმდნენ, რომ ქვეყნისთვის $8.2-მილიარდიანი სასესხო პროგრამის გადაცემისთვის პირობები შემსუბუქდება.

კერძოდ, მთავრობა IMF-ის მიერ თავდაპირველად მოთხოვნილი 600,000 მცირე ზომის ბიზნესიდან 350,000-სს დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გაათავისუფლებს. შესაბამისად, დღგ-ს გადახდა მხოლოდ იმ რეგისტრირებულ კომპანიებს, მოუწევთ, რომელთა შემოსავალიც წელიწადში $100,000 დოლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ აქამდე მონეტარული ფონდი თანხის გამოყოფისთვის ზღვრის $12,000 დოლარზე დაფიქსირებას ითხოვდა, რათა უკრაინის ხელისუფლებას ბიუჯეტის საგარეო მხარდაჭერის გარეშე შევსება აქტიურად დაეწყო და შეემცირებინა დამოკიდებულება იმ ფინანსურ დახმარებებზე, რომლებიც გრძელვადიანად სახელმწიფოს ეკონომიკურ სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს. თავის მხრივ, ოფიციალური კიევის პოზიცია იყო, რომ ელექტროენერგიისა და ენერგეტიკული რესურსების იმპორტის გაზრდილი ხარჯების ფონზე, დამატებითი გადასახადის დაკისრება იმ მცირე მეწარმეებისთვის, რომლებსაც თავი ძლივს გააქვთ, გამანადგურებელი დარტყმა იქნებოდა და ბაზრიდან მათ გაქრობას გამოიწვევდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ IMF-ი დღგ-ზე გადასახადის დაწესებას მხოლოდ ბიუჯეტში შემოსავლების ზრდის ხელშეწყობის მიზნით არ უჭერდა. მონეტარულ ფონდში მიიჩნევდნენ, რომ დიდი კომპანიების ნაწილი 20%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით საკუთარ ბიზნესს ანაწევრებდნენ და მცირე მეწარმის სტატუსს ეფარებოდნენ. ასეთ შემთხვევაში კი უკრაინის ხელისუფლებას კომპანიებისთვის უმნიშვნელო გადასახადი ჰქონდა დაწესებული. შესაბამისად, თუ დღგ-ს გადასახადი წლიურად $12,000-იანი ბრუნვის მქონე მეწარმეებზე გავრცელდებოდა, ეს შავ ხვრელს გააქრობდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრს, იულია სვირიდენკოს IMF-ის მიერ დასახულ ამ პრობლემასთან დაკავშირებით საჯაროდ არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ $8.2-მილიარდიანი სასესხო პროგრამის დამტკიცებისათვის წინაპირობების შემსუბუქება მნიშვნელოვანი შვება იქნება ასობით ათასი ბიზნესისთვის, რომლებიც მძიმე ეკონომიკური რეალობის წინაშე დგანან.

აქვე უნდა ითქვას, რომ IMF-ის დასახელებული პროგრამის დამტკიცება უკრაინის ხელისუფლებისთვის ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მის გარეშე ქვეყანა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ და გამზადებულ $106.8-მილიარდიან ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს. ეს დახმარება კი როგორც თავდაცვის ხარჯების დასაფარად, ისე ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღსადგენადაა საჭირო. იმის მიუხედავად, რომ IMF-მა სასესხო პროგრამის წინაპირობები შეამსუბუქა, ოფიციალური კიევი ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდის სხვა გზების შემოღებისთვის აქტიურად ემზადება. სავარაუდოა, რომ წლის ბოლომდე გაიზრდება კომპანიებისთვის დაწესებული საშემოსავლო გადასახადიც, რაც ხელს შეუწყობს მონეტარული ფონდის ნდობის ზრდას ქვეყნის მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები