მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღდგენისთვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ დახმარებას დათანხმდა

უკრაინა

უკრაინა რუსული რაკეტებით დაბომბვის შედეგად დაზიანებული ნავთობსადენის, „დრუჟბას“ შესაკეთებლად ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის მიღებას დათანხმდა. ეს გადაწყვეტილება მიზნად უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდების აღდგენას ისახავს.

შეთანხმება ევროპული საბჭოს სამიტამდე ორი დღით ადრე შედგა და, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს იმ დიპლომატიური დაძაბულობის განმუხტვაში, რაც უნგრეთის მხრიდან უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაბლოკვას მოჰყვა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ევროპელი ექსპერტები მზად არიან სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთონ.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წერილობით დაადასტურა კიევის მზაობა, მიიღოს დახმარება რუსული მილსადენის შესაკეთებლად. შეგახსენებთ, ნავთობსადენი იანვარში, რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა, რის შემდეგაც ნავთობის ტრანზიტი შეწყდა. აქამდე კიევი უსაფრთხოების მოტივით უარს ამბობდა ობიექტზე ინსპექციის დაშვებაზე, რამაც ბუდაპეშტის მხრიდან ბრალდებები და სესხის დაბლოკვა მოჰყვა. ცნობისთვის, მკაცრი პოზიციის გამო უნგრეთი მეზობელ სახელმწიფოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საბოტაჟში ადანაშაულებდა.

ამჟამად, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პარალელურად, ევროკომისია ალტერნატიული მარშრუტების შეთავაზებაზეც მუშაობს, რათა ცენტრალურმა და აღმოსავლეთ ევროპამ ნედლი ნავთობის მიღება რუსეთისაგან დამოუკიდებლადაც შეძლოს. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ზელენსკიმ რუსული ექსპორტის ხელშეწყობის მიუღებლობის მოტივით ნავთობსადენის აღდგენაზე ღიად თქვა უარი, ევროკავშირისაგან ფინანსური დახმარების მიღების საჭიროება ოფიციალურ კიევს პოზიციის შეცვლა აიძულა. ევროპელი მიმომხილველების შეფასებით, ეს ნაბიჯი განიხილება როგორც სტრატეგიული დათმობა ბრიუსელში დაგეგმილი მნიშვნელოვანი სამიტის წინ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები