მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინა რუმინულ OMV Petrom-თან შავ ზღვაში გაზის საბადოს მოპოვების შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს

გაზის მოპოვება

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Naftogaz შავი ზღვის შელფზე აღმოჩენილი გაზის საბადოს ერთობლივი განვითარების შესაძლებლობას რუმინულ OMV Petrom-თან განიხილავს - ამის შესახებ Reuters-ის სტატიიდან ხდება ცნობილი, რომელიც გამოცემას რამდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ეხება საბადოს, რომელიც უკრაინამ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე აღმოაჩინა. ინდუსტრიის სამი წყაროს თქმით, აღნიშნული საბადო „ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულად“ მიიჩნევა შავი ზღვის რეგიონში, თუმცა ამ ეტაპზე მოპოვებადი რესურსების მოცულობა საჯაროდ არ სახელდება, რასაც დაზუსტებისთვის მრავალმილიონიანი გეოლოგიურ-სეისმური კვლევების ჩატარება სჭირდება.

მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა და პროექტის განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე, შესაბამისად Reuters-ის თანახმად, მასშტაბური სამუშაოების დაწყება, სავარაუდოდ, მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

12 მარტს უკრაინამ და რუმინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გააფორმეს შეთანხმება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოებასა და საზღვარგარეთული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

ამჟამად უკრაინის ენერგეტიკული სისტემა რუმინეთზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, მათ შორის ელექტროენერგიის იმპორტის და საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ჩათვლით. ასევე განხილვის პროცესშია ელექტროენერგიის დამაკავშირებელი ქსელების გაფართოება და გაზის ტრანსპორტირების ახალი მარშრუტების განვითარება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან უკრაინის მიმართულებით. ასევე განიხილება ახალი მილსადენის მშენებლობა, რომელიც საბერძნეთიდან ბულგარეთის და რუმინეთის გავლით გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებიც.

OMV Petrom-ი ამჟამად შავ ზღვაში ნეპტუნის გაზის საბადოს განვითარების მრავალმილიარდიან პროექტზე მუშაობს. აღნიშნული პროექტით რუმინეთს გაზის წარმოების გაორმაგება და ექსპორტზე გატანაც შეეძლება.

რაც შეეხება უკრაინულ საბადოს, რომლის განვითარებაზეც ახლა მიმდინარეობს საუბარი, მის მიმდებარედ უკვე ჩატარებულია წინასწარი სეისმური კვლევები. ინდუსტრიის წყაროების ცნობით, ხელმისაწვდომია როგორც 2D, ისე 3D სეისმური მონაცემები, ხოლო ტერიტორია რუმინეთის საძიებო ბლოკებთან ახლოს მდებარეობს.

OMV Petrom-ი წარსულში საქართველოს შავი ზღვის სალიცენზიო ბლოკის განვითარებით იყო დაკავებული, რომლისთვისაც კომპანიამ 2021 წელს საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა, კომპანიას 25-წლიანი ლიცენზია მიენიჭა და მას ადგილზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნდა განეხორციელებინა, თუმცა 2024 წლის პირველ ნახევარში ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ საქართველოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

კადრი: კომპანია „OMV Petrom”-თან ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ხელშეკრულების გაფორმება

OMV Petrom-ში აღნიშნულ პერიოდში განმარტავენ, რომ საქართველოში ამ პროექტის არა ინდივიდუალურად, არამედ პარტნიორებთან ერთად განხორციელებას ისახავდნენ მიზნად, თუმცა იმის გამო, რომ კომპანიამ პარტნიორი ვერ მოძებნა, მათ საბოლოოდ საქართველოდან გასვლა განიზრახეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები