მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა რუსეთს მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

635646dd6752b
მარიამ ვარადაშვილი
24.10.22 12:47
439
უკრაინა რუსეთს მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რუსეთი ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას ბლოკავს.

საუბარია გაეროსა და თურქეთის ჩართულობით რუსეთ-უკრაინას შორის სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებაზე.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ქმედებების შედეგად ბოლო დღეებში პორტები 25-30%-იანი დატვირთვით მუშაობენ. როგორც Rueters წერს, შეთანხმების ფარგლებში პირველი აგვისტოდან უკრაინის პორტები ჯამში 380 გემმა დატოვა, რომელთაც 8.5 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდეს.

გაეროს წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს, რათა გაგრძელდეს შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების შესრულება. ისმინ პალამის თქმით, ამ ეტაპზე 150 გემი სტამბოლის გარშემო დაძვრის ნებართვას ელოდება და მისმა შეყოვნებამ შეიძლება მარცვლეულის მიწოდება შეაფერხოს.

რამდენიმე დღის წინ რუსეთი დაიმუქრა, რომ დატოვებს სტამბოლის შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტს შეეხება. როგორც რუსეთის ელჩმა გაეროში გენადი გატილოვმა Reuters-ს უთხრა, მოსკოვმა გაეროს წერილიც გაუგზავნა, სადაც ჩივის, რომ შეთანხმება რუსეთის მხარის სასარგებლოდ არ სრულდება, შესაბამისად, მოსკოვი ემზადება, რომ შეთანხმების მომდევნო თვეს გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭიროს.

“თუ ვნახეთ, რომ გარიგების ფარგლებში რუსეთის სასარგებლოდ არაფერი მოხდება, მარცვლეულისა და პესტიციდების კუთხით, ამ საკითხს სხვა მხრიდან შევხედავთ“, - უთხრა სააგენტოს ელჩმა.

უკრაინამ და რუსეთმა 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები