მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე გადადის

62161343bf6d8
ვიქტორია მღებრიშვილი
23.02.22 14:59
1046
უკრაინის მასშტაბით, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების გარდა, საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის უშიშროების საბჭომ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება უზენაესმა რადამ უნდა მოიწონოს.

ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსეი დანილოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად 30 დღით გამოცხადდება, რის შემდეგაც, პრეზიდენტისა და უმაღლესი რადას გადაწყვეტილებით, შეიძლება გახანგრძლივდეს.

დანილოვის თქმით, უმაღლესი რადა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას უახლოეს საათებში დაამტკიცებს. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა არ ცხადდება, რამდენადაც იქ განსაკუთრებული რეჟიმი დიდი ხანია მოქმედებს.

„ჩვენ მუდმივად გვაშინებენ თავდასხმით, მკვეთრად ვაცნობიერებთ რა პროცესები მიმდინარეობს ბელარუსში, ჩვენ გვესმის იქ რა ხდება... შეჭრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შემოღებული იქნება საომარი მდგომარეობა, რის შესახებაც ყველას გაცნობებთ“, - განაცხადა დანილოვმა.

უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თქმით, საპასუხო ქმედებები დაუყოვნებლივ განხორციელდება, რამეთუ უკრაინა რუსეთის მხრიდან არსებულ რისკებს აცნობიერებს და ესმის, რომ უკრაინული ჯარები საბრძოლველად მზად არიან. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქალაქი მოხვდება რუსეთის ფედერაციის შეტევის ქვეშ, უკრაინა ამისთვის მზად არის.

ალექსეი დანილოვის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 36 ათასი რეზერვისტი იქნება მობილიზებული.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე თავის მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები