მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ დაკარგა ტერიტორიების 20%, ათიათასობით ადამიანია გარდაცვლილი - ღარიბაშვილი ომის წლისთავზე

63f895c030c53
BM.GE
24.02.23 14:48
1347
ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მთავრობის და ხელისუფლების მიერ გატარებულ კურსს, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თურქეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი იყო, არის და იქნება მშვიდობის შენარჩუნება, რომელიც სტაბილურობის და განვითარების წინაპირობაა.

„აბსოლუტურად დესტრუქციული ქმედება იყო და არის რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ ვნახეთ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან მათი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქართული ქმედება. მათი ამოცანა და მათი ქმედება საუბედუროდ არ ყოფილა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესების გატარება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი ბრძენია. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების მიერ გატარებულ კურსს, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას. მშვიდობის გარეშე ჩემო მეგობრებო, არ იარსებებს არაფერი. ყველა გონიერი მმართველი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სირთულე, განსაცდელი, რომელიც ხალხს შეუქმნის პრობლემებს. ერთ-ერთი ასეთი მთავარი განსაცდელი შეიძლება იყოს ომი, რომელსაც მოაქვს ნგრევა და უბედურება.

მოდით, ერთხელ კიდევ გავიხსენოთ თუ რა შედეგი დადგა ამ ერთი წლის განმავლობაში. უკრაინამ დღეის მდგომარეობით დაკარგა ტერიტორიების 20%, ათი ათასობით ადამიანია გარდაცვლილი, მიადგა ზიანი, რომელიც არის ჯერ კიდევ შეუფასებელი და დაუთვლელი, საუბარი არის 700-800 მილიარდზე. ზოგი ამბობს, რომ ზარალმა ყველაფრის ჩათვლით შეადგინა ერთი ტრილიონი დოლარი და ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არ ჩერდება. ამიტომ, ჩვენ გვმართებს ემოციების გარეშე ქვეყნის მართვაც. რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპული პოზიციების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, და ჩვენი ქვეყნის დაცვა. ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. ჩვენთვის ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი უსიამოვნო ფაქტებიც დაფიქსირდა, ბევრ უსამართლობას ჰქონდა ადგილი. ბევრი მცდელობა იყო, რომ ფრონტი გახსნილიყო და გადმოტანილიყო საქართველოშიც, ეს ე.წ მეორე ფრონტი, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების გონივრული და ეროვნული პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ეს ომი და მეორე ფრონტი და პროვოკაციები თავიდან ავიცილეთ და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. “,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები