უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, კონტრშეტევითი ოპერაციების შედეგად ქვეყანამ დნიპროპეტროვსკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი თითქმის სრულად აღადგინა.
ოპერატიული სამმართველოს უფროსის, ალექსანდრ კომარენკოს განცხადებით, უკრაინულმა ქვედანაყოფებმა 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, რამაც მოსკოვის გეგმა - შემდგომი იერიშებისთვის ე.წ. ბუფერული ზონა შეექმნა, ფაქტობრივად ჩაშალა. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული ძალების უკან დახევა სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს კრემლის იმ სტრატეგიული გეგმის წარმატებით განხორციელებას, რასაც გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ზაპოროჟიესა და დონეცკზე შეტევების განხორციელება ჰქვია.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის, ISW-ს შეფასებით, უკრაინის წარმატებული მანევრები ტაქტიკურ და სტრატეგიულ დარტყმას აყენებს რუსეთის სამხედრო გეგმებს. ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მოსკოვს ზაპოროჟიეს მიმართულებით დაგეგმილი ოპერაციების გადახედვა ან მათზე სრულად უარის თქმა მოუწევს. იმის მიუხედავად, რომ დნიპროპეტროვსკის მიმართულებაზე უკრაინას წარმატება აქვს, პრეზიდენტი ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთი ბუფერული ზონების შექმნას სუმისა და ხარკოვის ოლქების საზღვრებთან კვლავ ცდილობს და ამის გამო სახელმწიფოს მნიშვნელოვანი რესურსის ფრონტის ხაზის ამ ნაწილისკენ მობილიზება უწევს. ზელენსკის თქმით, ამჟამად უკრაინული ძალები ამ პოზიციებს მყარად ინარჩუნებენ და მტრის წინსვლა ყველა მიმართულებით ბლოკავენ.




























