სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროკომისია მკაცრად გააფრთხილა და დააანონსა, რომ ის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემუშავებულ მე-20 სასანქციო პაკეტს დაბლოკავს.
როგორც ირკვევა, ოფიციალური ბრატისლავა ვეტოს უფლების გამოყენებას იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ ბრიუსელი უკრაინაზე ზეწოლას არ მოახდენს და "დრუჟბას" მილსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტი დაუყოვნებლივ არ აღდგება. პარალელურად, ფიცო არც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმართ პოზიციის რადიკალურად გადახედვასაც არ გამორიცხავს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბრიუსელი ბრატისლავას მოთხოვნებს უგულებელყოფს.
სლოვაკეთის ლიდერი ევროკომისიას ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ ბრიუსელისთვის უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დგას. ფიცოს შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპული სტრუქტურების ქმედებები ბრატისლავას ეროვნული ინტერესების "მიზანმიმართული დარღვევაა". პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, საწვავის შიდა ბაზრის დაცვის მიზნით გატარებული ზომების გამო სლოვაკეთმა ევროკომისიისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, მაშინ როდესაც ოფიციალურ კიევს ბრიუსელი "სიყვარულითა და გაგებით სავსე" გზავნილებს უგზავნის. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ევროპული ინსტიტუტების მიერ კიევის სასარგებლოდ მოქმედების გაგრძელების პირობებში, სლოვაკეთის მხრიდან ახალი სანქციების მხარდაჭერა სრულად გამოირიცხება.
შეგახსენებთ, რომ "დრუჟბას" მილსადენის გავლით ნავთობის იმპორტის შეჩერების საპასუხოდ, მიმდინარე წლის 23 თებერვალს სლოვაკეთის მთავრობამ უკრაინისთვის ელექტროენერგიის საგანგებო მიწოდება სრულად შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილების გამო ადგილობრივმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა, რის საფუძველზეც მარტში სამართალდამცავმა უწყებებმა რობერტ ფიცოს წინააღმდეგ ოფიციალური გამოძიება დაიწყეს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სანქციების პაკეტის გარდა, სლოვაკეთის ლიდერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან სტრატეგიულ გაერთიანებას და უკრაინისთვის გამოყოფილი ევროკავშირის €90 მილიარდი ევროს ($97.2 მლრდ.) ოდენობის მაკროფინანსური დახმარების დაბლოკვასაც აქტიურად განიხილავს. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ “დრუჟბას” რუსული მილსადენი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის, არ აღდგება და ქვეყნებს ნავთობის მიწოდება არ აღუდგებათ.




























