უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა ახალი თაობის სამხედრო ტექნოლოგიები და შეიარაღება, მათ შორის ლაზერული იარაღი წარადგინა. როგორც მან განაცხადა, სამხედროებმა ულტრათანამედროვე სისტემების ტესტირება უკვე დაიწყეს და პირველადი შედეგებიც მიიღეს. მინისტრის განმარტებით, ეს ნაბიჯი მიზნად თავდაცვის ხარჯების შემცირებას და რუსეთიდან მომავალი საფრთხის უფრო მარტივად გამკლავებას ისახავს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ ეტაპზე ოფიციალური კიევი ლაზერის ტექნიკურ მახასიათებლებს, გასროლის ღირებულებასა და სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა ზელენსკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მისი გამოყენება ფრონტის ხაზზე აქტიურად მალე დაიწყება.
ცნობისთვის, უკრაინული ძალები ბრძოლის ველზე ამჟამად ძირითადად დრონებს ეყრდნობიან და მათი გამოყენების არეალსაც მკვეთრად აფართოებენ. მაისში მათ 7 ათასამდე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის "შაჰიდის" და "გერბერას" ტიპის მოდელები სწორედ საკუთარი წარმოების დრონებით ჩამოაგდეს. ბოლო მასშტაბური თავდასხმის დროს კი უკრაინულმა ტექნიკამ მტრის დრონების 75% გაანადგურა. თავდაცვის უწყებამ ცოტა ხნის წინ 150 ათასი დამატებითი დრონის შესაძენად ტენდერიც გამოაცხადა.
სამინისტრო ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარაკეტო სისტემების განვითარებაზეც აქტიურად მუშაობს. მიხაილო ფედოროვის შეფასებით, რამდენიმე ახალი პროექტი ერთ წელიწადში რეალობად იქცევა. მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა უკვე გამოსცადეს ათამდე კომპანიის მიერ შექმნილი ის სისტემები, რომლებსაც მტრის დრონების განადგურება გაცილებით მარტივად შეეძლებათ.




























