მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ "მაშა და დათვის" შემქმნელებს, ასევე სხვა რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა

უკრაინა სანქციები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ოთხ განკარგულებას, რომლითაც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ საწარმოებს, ალუმინის მწარმოებელ „რუსალის“ ჯგუფს, მაღალჩინოსნებს, კოლაბორაციონისტებს და ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ შემქმნელებსა და დისტრიბუტორებს სანქციები დაუწესდათ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთ-ერთი გადაწყვეტილებით სანქციები 28 რუს ფიზიკურ პირს, 36 რუსულ და ერთ ჩინურ კომპანიას შეეხო. სიაში შედიან კომპანიები, რომლებიც, უკრაინის ცნობით, სანქციების გვერდის ავლით რუსეთს მაღალი სიზუსტის სამრეწველო მოწყობილობებით, ინსტრუმენტებით, კომპონენტებით, ელექტრონიკითა და ნედლეულით ამარაგებენ.

შეზღუდვები ასევე დაუწესდა საწარმოებს, რომლებიც სამხედრო და სპეციალიზებულ ტექნიკას აწარმოებენ და არემონტებენ, დრონების მიმართულებით კვლევებს ატარებენ და რუსეთის უსაფრთხოების უწყებებისთვის სპეციალიზებულ ტექნიკასა და პროგრამულ უზრუნველყოფას ავითარებენ.

სანქციების კიდევ ერთი პაკეტი „რუსალის“ ჯგუფის ხუთ კომპანიასა და მათთან დაკავშირებულ ცხრა რუსეთის მოქალაქეს შეეხო. უკრაინის მხარის განცხადებით, ეს კომპანიები ალუმინის წარმოებასა და ალუმინის ოქსიდის იმპორტში არიან ჩართული და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საჭიროებებს ხმარდება.

კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, სანქციები 45 ფიზიკურ და 8 იურიდიულ პირს დაუწესდა. მათ შორის არიან რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები, რომლებიც, უკრაინის შეფასებით, რუსეთის სამხედრო აგრესიას და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას ამართლებენ. სანქცირებულთა შორისაა უკრაინის ყოფილი დეპუტატი, „რეგიონების პარტიის“ წარმომადგენელი იური ივანიუშჩენკოც. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მას სისხლის სამართლის საქმეში ბრალი ედება 160 მილიონზე მეტი გრივნის ღირებულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზებასთან დაკავშირებით. მასთან დაკავშირებული კომპანიები საქმიანობას ოკუპირებულ ყირიმშიც განაგრძობენ.

სანქციები ასევე შეეხო ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ შექმნასა და გავრცელებაში ჩართულ რუსეთის ხუთ მოქალაქესა და ოთხ ორგანიზაციას. კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდა სტუდია Animaccord-ს, რომელმაც სერიალი შექმნა, ასევე მის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, სცენარისტს, რეჟისორსა და პროდიუსერს, სერიალის თანაავტორს და საავტორო უფლებების მფლობელს. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სერიალი ბავშვებისთვის განკუთვნილი კონტენტის ფორმით პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

სანქციები ნიშნავს ამ პირებისთვის უკრაინაში ჩასვლისა და ფინანსური ოპერაციების და მათთან საქმიანი კონტაქტების აკრძალვას.

სანქციების პოლიტიკის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლისა და კომისრის ვლადისლავ ვლასიუკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული კომპანიების გამოვლენასა და მათი საქმიანობის შეზღუდვას გააგრძელებს.

მისივე თქმით, უკრაინა პარტნიორ ქვეყნებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდის, რათა სანქციების საერთაშორისო დონეზე კოორდინაცია და მათი შესაბამის ქვეყნებში ამოქმედება მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები