უკრაინამ რუსეთის ორ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა იაროსლავლში მდებარე Slavneft-Yanos-ის და ბაშკორტოსტანის Bashneft-Novoil-ის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე დარტყმები განახორციელეს.
"დღეს ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა "სანქციებმა" კიდევ ერთხელ შეამცირა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, რომლითაც ის ომსა და უკრაინელების მკვლელობებს აფინანსებს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა აგრესორის ობიექტებს ფრონტის ხაზიდან 1 300 კილომეტრზე მეტი მანძილიდან დაარტყეს. ბაშკორტოსტანში Bashneft-Novoil-ის ქარხანა დაზიანდა, ხოლო იაროსლავლის ოლქში, ჩვენი საზღვრიდან თითქმის 700 კილომეტრში, Slavneft-YANOS-ის ქარხანაზე იერიში განხორციელდა.
წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი პასუხი რუსულ აგრესიაზე შავ ზღვაშიც. კერძოდ, ორი სამხედრო საპატრულო კატარღა და ჩრდილოვანი ფლოტის გემები დაზიანდა.
მადლობას ვუხდი თავდაცვის ძალების ყველა მებრძოლს, რომლებიც ჩვენს შორ მანძილზე მოქმედ შესაძლებლობებს სისტემატურად აფართოებენ და ამით დიპლომატიის შანსებს ზრდიან. რუსეთმა მშვიდობა უნდა აირჩიოს", - წერს ზელენსკი.
იაროსლავლის გუბერნატორის, მიხაილ ევრაევის განცხადებით, რეგიონზე თავდამსხმელი უკრაინული დრონები განადგურდა, თუმცა ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა სამ სახლში ხანძარი გამოიწვია.
ევრაევის ინფორმაციით, ნამსხვრევებისგან ოთხი ადამიანი დაშავდა. ის ასევე აღნიშნავს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ნავთობსაცავის რეზერვუარები დააზიანა. საგანგებო სამსახურები ხანძრის ლიკვიდაციისთვის მუშაობენ. გუბერნატორის თქმით, რეგიონს საფრთხე აღარ ემუქრება.




























