2 ივლისის ღამეს, რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში, დრონები თავს დაესხნენ კსტოვის ნავთობგადამმუშავებელ „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზის“ ქარხანას. აფეთქებების სერიის შემდეგ, საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის მინისტრის მრჩეველზე სერგეი სტერნენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლებიც წერდნენ, რომლებმაც შემთხვევის ადგილიდან ფოტო და ვიდეომასალაც გამოაქვეყნეს.
გამოცემა MEDUZA კი რეგიონის ხელმძღვანელ გლებ ნიკიტინზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ნიჟნი ნოვგოროდში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათგან ერთი ჰოსპიტალიზებულია.
ნიკიტინის თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამის განმავლობაში 30 დრონი გაანადგურეს. მისივე განცხადებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნამ ერთი სამრეწველო ობიექტისა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია.




























