მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ რუსეთში, ტამბოვის ოლქში ნავთობსატუმბ სადგურზე იერიში მიიტანა

ტამბოვის ოლქში ნავთობსატუმბის აფეთქება

რუსეთის ტამბოვის ოლქში, ქალაქ მიჩურინსკთან მდებარე ნავთობსატუმბ სადგურზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი 20 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის მიერ განხორციელებული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად მოხდა.

ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა, ევგენი პერვიშოვმა მიჩურინსკის რაიონის ერთ-ერთ საწარმოში ხანძრის ფაქტი დაადასტურა. მისი განცხადებით, მობილურმა ჯგუფებმა რეგიონში ოთხი დრონი ჩამოაგდეს, თუმცა შეტევის სრულად აღკვეთა ვერ მოხერხდა. გუბერნატორის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დამოუკიდებელი რუსული მედიის ცნობით, ცეცხლი ნოვონიკოლსკოესთან მდებარე "ნიკოლსკოე-1"-ის სადგურზე გაჩნდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში დიზელის საწვავის რეზერვუარზე არსებული ალი და მუქი კვამლი ჩანს.

ინფორმაციისთვის, "ნიკოლსკოეს" ნავთობსატუმბი სადგური "დრუჟბას" მილსადენების ქსელის ნაწილია და მას რუსული კომპანია Transneft-ი მართავს. ობიექტი უკრაინის ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 350-400 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ კიევს იერიშის შესახებ განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ "ნიკოლსკოეს" სადგურზე თავდასხმა 2025 წლის 18 აგვისტოსაც განახორციელა. მაშინ განვითარებულმა მოვლენებმა რუსული მილსადენის მუშაობა დროებით შეაჩერა.

ცნობისთვის, "დრუჟბას" ქსელი უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნედლი ნავთობის მიწოდების მთავარი მარშრუტია. ამ ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები