უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი, ოთხწლიანი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში პირველი ტრანში - $1.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.
პროგრამა ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ 2026 წლის 26 თებერვალს დაამტკიცა. მიღებული სახსრები უკვე გადამისამართდა სახელმწიფო ბიუჯეტში და მას გამოიყენებენ პრიორიტეტული ხარჯების დასაფინანსებლად, რათა შენარჩუნდეს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა სრულმასშტაბიანი ომის პირობებში.
პროგრამის საერთო მოცულობა 2026–2029 წლებისთვის $8.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის მორგებულია უკრაინის განახლებულ მაკროეკონომიკურ და უსაფრთხოების საჭიროებებს, ისევე როგორც ქვეყნის მნიშვნელოვან ფისკალურ მოთხოვნებს. უკრაინის ფინანსთა მინისტრის, სერჰი მარჩენკოს განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე სავალუტო ფონდმა უკრაინის ბიუჯეტს ჯამში 14.9 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. პროგრამის პირველი მიმოხილვა მიმდინარე წლის ივნისშია დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” პროგრამა ასევე გულისხმობს რეფორმების განხორციელებას მმართველობის გაძლიერების, საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. მთავრობისა და ფონდის ერთობლივი შეფასებით, 2026-2029 წლებში უკრაინის საგარეო დაფინანსების დეფიციტი, დაახლოებით, 136.5 მილიარდ დოლარი იქნება. ახალი პროგრამა სწორედ ამ დეფიციტის ნაწილობრივ დაფარვასა და სხვა საერთაშორისო დონორებისგან დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას ისახავს მიზნად.




























