უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც უკრაინის მთავრობას საგარეო ვალის გადახდის შეჩერება 1 ოქტომბრამდე შეუძლიათ. გადაწყვეტილებამ უკრაინა, შესაძლოა, მორატორიუმამდე მიიყვანოს, რაც ფორმალური სუვერენული დეფოლტის (სესხების კანონიერი ვალდებულებებისა და პირობების შეუსრულებლობის) გამოცხადებას ნიშნავს.
თვის დასაწყისში უკრაინამ ძირითადი ობლიგაციების მფლობელთა კომიტეტთან შეთანხმების შესახებ განაცხადა, რომლის თანახმადაც უკრაინა $20 მლრდ-ის ოდენობის საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციას აპირებდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ფინანსური მორატორიუმის გამოცხადების შემთხვევა უკრაინისთვის მეორეა - პირველად ასეთი შედეგი 2014 წელს, რუსეთის ყირიმში შეჭრის შემდეგ დადგა.
შეთანხმება ჯერ ობლიგაციების მფლობელებმა უნდა დაადასტურონ, რასაც, შესაძლოა, კვირები დასჭირდეს. ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება უკრაინას მომდევნო 3 წლის განმავლობაში $11.4 მილიარდის დაზოგვაში დაეხმარება - ეს ის პერიოდია, რა დროშიც უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა გრძელდება.
ამასთან, უკრაინას თავისი 2026 წლის ევრობონდისთვის $34 მილიონი მართებს, რომელიც ქვეყანამ 1 აგვისტოდან 10 დღის ვადაში უნდა დაფაროს.