უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სახელმწიფო ღალატის ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს.
უწყებების განცხადებით, იგი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო-ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის გამართლებას ცდილობდა.
ინფორმაციისთვის, მენდელი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, რის გამოც სამართალდამცავებს საპროცესო გადაწყვეტილების მიღება დაუსწრებლად მოუწიათ.
შეხსენებისთვის, მიმდინარე წლის მაისში მენდელმა ინტერვიუ ჩაწერა ამერიკელ კომენტატორ ტაკერ კარლსონთან, რომელთან საუბარშიც ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის მთავარ დაბრკოლებად მოიხსენია. სექტემბერში იგი გერმანული მემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიწვევით გამართულ შეხვედრასაც დაესწრო.
სამართალდამცავი უწყებები ყოფილ პრესმდივანს საომარი მდგომარეობის პირობებში ჩადენილ სახელმწიფო ღალატსა და კრემლის რეჟიმის გამართლებაში ადანაშაულებენ.
წაყენებულ ბრალდებებს თავად იულია მენდელი უკვე გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ გამოძიება დასავლურ მედიასა და სოციალურ ქსელებში გაკეთებულ მის საჯარო განცხადებებს ეფუძნება. ყოფილი პრესმდივნის განმარტებით, ეს გზავნილები პრეზიდენტის გარემოცვაში არსებულ კორუფციას, სიტყვის თავისუფლების არარსებობასა და პოლიტიკურ დევნას შეეხება. მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვთან რამე სახის თანამშრომლობა არ აკავშირებს და მიმდინარე პროცესი რეალურად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება.
შეგახსენებთ, იულია მენდელი ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივნის თანამდებობას 2019-2021 წლებში იკავებდა. მოქმედმა პრეზიდენტმა მის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დააწესა.
























