მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინას ენერგოსექტორის აღსადგენად $90.6 მილიარდი დასჭირდება

ukr

მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღდგენისა და მოდერნიზაციის ჯამური ღირებულება 90.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, დენის შმიგალმა ზიანისა და საჭიროებების სწრაფი შეფასების მეხუთე ანგარიშის (RDNA5) პრეზენტაციაზე განაცხადა.

შმიგალის თქმით, მიმდინარე შეფასება გასული წლის თებერვლის მონაცემებს 34%-ით აღემატება.

"სრულმასშტაბიანი ომის პირველივე თვეებიდან ენერგოსექტორი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო. RDNA5-ის ანგარიში ნათლად აჩვენებს ნგრევის მასშტაბებს და ქმნის საფუძველს აღდგენის სტრუქტურირებული დაგეგმვისთვის. ჩვენ ეს სამუშაო 2022 წელს მსოფლიო ბანკთან, ევროკომისიასთან და გაეროსთან ერთად დავიწყეთ", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

დენის შმიგალის განმარტებით, მთლიანი თანხის თითქმის 80% - 71 მილიარდი დოლარი - ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების აღდგენასა და მოდერნიზაციას სჭირდება. დაფინანსების დამატებითი საჭიროებები კი ასე ნაწილდება:

  • 6.4 მლრდ დოლარი - გათბობის სექტორისთვის;

  • 5.2 მლრდ დოლარი - გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის;

  • 4.6 მლრდ დოლარი - ნავთობის სექტორისთვის, გადამუშავების ჩათვლით.

"RDNA5-ის თანახმად, მხოლოდ 2026 წელს ენერგოსექტორის სწრაფი აღდგენისთვის 4.9 მილიარდი დოლარია საჭირო. თუმცა, ჩვენი მიზანი მხოლოდ განადგურებულის აღდგენა არ არის, არამედ ისეთი ენერგოსისტემის შექმნა, რომელიც უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფს", - განაცხადა შმიგალმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით იწყებს მუშაობას განახლებულ ენერგეტიკულ სტრატეგიაზე, რომელიც განსაზღვრავს სექტორის განვითარების ახალ გრძელვადიან ხედვას და ჩამოაყალიბებს აღდგენისა და მოდერნიზაციის მკაფიო საგზაო რუკას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები