გაეროს კულტურული სააგენტოს ინფორმაციის, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში უკრაინას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტურისტული ინდუსტრიის აღსადგენად 9 მილიარდ დოლარამდე დასჭირდება.
UNESCO-ს გამოთვლებით, ერთმანეთთან დაკავშირებულმა კულტურამ და ტურისტულმა ინდუსტრიამ ჯამში 19 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო მას შემდეგ, რაც ზუსტად 2 წლის წინ უკრაინაში რუსეთი შეიჭრა და ომი წამოიწყო. სააგენტოს ცნობით, საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალდა 341 კულტურული ძეგლი უკრაინის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევში და ქალაქებში - ლვივსა და ოდესაში.
წინასწარი დათვლებით დგინდება, რომ ათასობით “კულტურული აქტივის”, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დესტრუქციის ღირებულებამ 3.5 მილიარდ დოლარამდე მიაღწია.
“ოდესას საკათედრო ტაძარი ერთ-ერთი მაგალითია იმ ძეგლებისა, რომლებიც კატასტროფულად დაზიანდნენ. ტაძარი ერთგვარი სიმბოლოა საზოგადოებისთვის, მას ღრმა სულიერი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს”, - ამბობს UNESCO-ს კიევის ოფისის ხელმძღვანელი, დეზი ბარდეშჩი.
2023 წლის ივლისში გაეროს კულტურულმა სააგენტომ რუსეთის სამხედრო შეტევები ოდესას ცენტრში არსებულ ისტორიული შენობებზე მკაცრად დაგმო, რომლებიც UNESCO-ს მიერ “მსოფლიო მემკვიდრეობის გაქრობის პირას მყოფ ძეგლებად” არის დასახელებული. აღნიშნულ თავდასხმას შეეწირა მინიმუმ ორი ადამიანის სიცოცხლე, ისტორიული შენობები კი მწვავედ დაზიანდა.
ოდესას ფერისცვალების საკათედრო ტაძარი ოდესის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ XVIII საუკუნეში დააფუძნა. თავდაპირველი შენობა 1936 წელს, კომუნისტების მმართველობის დროს განადგურდა და მხოლოდ 1999-2003 წლებში აღდგა.
UNESCO-მ რუსეთის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიზანმიმართული თავდასხმა, რელიგიური შენობებისა და არტეფაქტების განადგურება, ომის დანაშაულად მიიჩნია.