უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება - ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში 2022 წლის თებერვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ორბანის პრესსამსახურის უფროსმა უნგრულ მედიას დაუდასტურა, რომ პრემიერ-მინისტრი კიევში დღეს დილით ჩავიდა და დღის წესრიგში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაა. ჰავასის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი საკითხი უკრაინაში მშვიდობის დამკვიდრების შესაძლებლობების განხილვა იქნება.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც უნგრეთი გუშინ, 1 ივლისს, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე სახელმწიფო გახდა. მართალია, აღნიშნულ თანამდებობაზე ორბანს რეალური ძალაუფლება არ გააჩნია, თუმცა მას ბლოკის დღის წესრიგის განსაზღვრა მეტ-ნაკლებად მაინც შეეძლება.
ვიქტორ ორბანი ევროკავშირში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყველაზე ახლო მოკავშირედ ითვლება. მიუხედავად არსებული რისკებისა, უნგრეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი მიღებულ როლს პატიოსნად შეასრულებენ.
ამასთან, ვიქტორ ორბანი არაერთხელ გამხდარა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების დაბლოკვის მიზეზი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ახლად შექმნილი ნაციონალისტური ალიანსის წევრებს ეძებს და იმედოვნებს, რომ ახალი პოლიტიკური კავშირი ევროპულ პარლამენტში უდიდეს მემარჯვენე ჯგუფად ჩამოყალიბდება. სწორედ ამიტომ, ორბანი შეხვედრებს განმარტავს ავსტრიის მემარჯვენე “თავისუფლების პარტიის” ლიდერებთან და ჩეხეთის მთავარი ოპოზიციურ პარტიასთან - სამი ქვეყანა ერთად პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან, სახელწოდებით - “პატრიოტები ევროპისთვის”.