“უკრაინას მაისამდე საკმარისი ფინანსური რესურსი დარჩა” - წერს გამოცემა Político და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ფინანსური მდგრადობა იმაზე სტაბილური აღმოჩნდა, ვიდრე ამას ევროპელი პოლიტიკოსები პროგნოზირებდნენ.
როგორც ირკვევა, ეს სტაბილურობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, გასულ თვეში უკრაინისთვის დამტკიცებულმა $8.1 მილიარდიანმა სესხმა განაპირობა, საიდანაც $1.5 მილიარდი ქვეყანამ დაუყოვნებლივ მიიღო.
მედიის ცნობით, ეს ფინანსური „ბუფერი“ ევროკავშირს დამატებით დროს მისცემს, რათა €90 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტზე უნგრეთის ვეტო დაძლიოს და ქვეყანას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი მიაწოდოს.
შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანის მთავრობა ინიციატივას უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად ბლოკავს, რადგან მიიჩნევს, რომ კიევი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი „დრუჟბას“ ნავთობსადენის აღდგენის განზრახ აჭიანურებს და ქვეყანას რუსული ენერგეტიკული რესურსების გარეშე ტოვებს. ცნობისთვის, ეს კრიზისი ორბანისთვის განსაკუთრებით პრობლემური იმიტომ არის, რომ მას აპრილის თვეში გადამწყვეტი არჩევნები ელის, მოსახლეობის უკმაყოფილება კი ორბანის პარტიის გამარჯვების შანსებს ამცირებს. უკრაინა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იანვრის ბოლოს რუსეთის მიერ დრონით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ინფრასტრუქტურა კრიტიკულად დაზიანდა და ამ პრობლემის აღმოფხვრა მარტივად ვერ მოხერხდება.
რთულ ვითარებაში მყოფი ქვეყნისთვის ფინანსური მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა ნიდერლანდებმა. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, ეელკო ჰეინენმა კოლეგებს აცნობა, რომ ნიდერლანდების მთავრობა 2029 წლამდე უკრაინას ყოველწლიურად €3.5 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარებას გაუწევს. ეს სტაბილური დაფინანსება კი ომში მყოფ მოკავშირეს კრიზისის გადალახვაში დაეხმარება.




























