აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ თითქმის 3 წლის წინ უკრაინაში დაწყებულ ომზე პასუხისმგებელი თავად უკრაინაა. როგორც ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, კიევს კონფლიქტის ასარიდებლად მოლაპარაკებები უნდა გაემართა.
ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა, რაც, სავარაუდოდ, პასუხია ზელენსკის მიერ 18 თებერვალს რუსეთსა და აშშ-ს შორის გამართული მოლაპარაკებების გაკრიტიკების გამო. ზელენსკი აცხადებდა, რომ არ მიიღებდა არც ერთ შეთანხმებას უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან კიევიც არ იქნება წარმოდგენილი.
“ვფიქრობ, მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი და კარგადაც მივდივარ. თუმცა დღეს მესმის “ჩვენ დაპატიჟებული არ ვიყავით”, თქვენ სამი წელი გქონდათ. [ომი] არასდროს უნდა დაგეწყოთ, შეგეძლოთ შეთანხმებას მიგეღწიათ”,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, მას თავად შეეძლო უკრაინისთვის ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომ ქვეყანა არც ტერიტორიებს დაკარგავდა და ომსაც თავიდან აირიდებდა, თუმცა “მათ სხვა არჩევანი გააკეთეს”.
პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ზელენსკის პოლიტიკა და აღნიშნა, რომ თუ უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან სურს მოხვედრა, იმაზეც უნდა დაფიქრდეს, რომ მოსახლეობას, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება სურდეთ. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ბოლოს 2019 წელს ჩატარდა - ტრამპის განცხადებით, ახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე თავად აშშ საუბრობს და არა - რუსეთი.
ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განლაგების შესაძლებლობაზე.
მე ამას მხარს ვუჭერ. თუ მათ ამის გაკეთება სურთ, ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება. ვიცი, რომ ეს საფრანგეთმა ახსენა, სხვებმაც, დიდმა ბრიტანეთმაც ახსენა. ჩვენ იქ ჯარებს არ განვათავსებთ, რადგან ძალიან შორს ვართ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, კითხვაზე, გეგმავს თუ არა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანას, ტრამპმა უპასუხა, რომ „ამის შესახებ თხოვნა არ ყოფილა“.
„არ მიმაჩნია, რომ ამის გაკეთება მოგვიწევს. არ მსურს ამის გაკეთება. ასევე, ეს საკითხი არასდროს წამოჭრილა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გუშინდელი პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, რომ ტრამპის და პუტინის შეხვედრა სავარაუდოდ, თებერვლის ბოლომდე შედგება.
საუდის არაბეთში გუშინ გამართულ შეხვედრას აშშ-ისა და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებოდნენ. როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს თუმცა უკრაინული მხარე ამ მოლაპარაკებებში ჩართული არ იყო.