უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს და ხვალ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ს მომლაპარაკებლები პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ. განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დიპლომატიურ ღონისძიებას არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი, აბუ-დაბი უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ სამმხრივი შეხვედრა ამერიკელ, უკრაინელ და რუს მომლაპარაკებლებს შორის ომის დაწყების შემდეგ არ ჩატარებულა. ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იქნება უკრაინის წარმომადგენელი ამ შეხვედრაზე, თუმცა გაამხილა, რომ მოულოდნელი ინიციატივა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან წამოვიდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, მოელის თუ არა, რომ სამმხრივი შეხვედრა შედეგს გამოიღებს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნამდვილი პროგრესის მიღწევა ყველა მხარის მიერ გარკვეულ დათმობებზე წასვლითაა შესაძლებელი. ზელენსკიმ შტატების ლიდერთან შეხვედრაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პირისპირ საუბარმა დადებითად ჩაიარა და მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ომის დასრულებით დაინტერესებულები არიან.
ცნობისთვის, ზელენსკი-ტრამპის შეხვედრის პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდნენ. პუტინმა მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზაობა გამოთქვა, თუმცა დასძინა, რომ ძირითად პრობლემად კვლავ ტერიტორიების საკითხი რჩება. კუშნერი და უიტკოფი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკვე გაემგზავრნენ და პრეზიდენტ ტრამპის პოზიციებს სამმხრივ მოლაპარაკებებში ამჯერადაც ისინი წარმოადგენენ. უკრაინის მსგავსად, გაურკვეველი რჩება, ვინ დაიცავს კრემლის ინტერესებს სამმხრივი შეხვედრების ფარგლებში.




























