უკრაინას თავდაცვისა და ენერგეტიკის ახალი მინისტრები ჰყავს - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ოთხშაბათს უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის თავდაცვის ახალ მინისტრად მიხაილო ფედოროვი დანიშნა. ენერგეტიკის მინისტრად და პირველ ვიცე-პრემიერად კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი დაამტკიცეს.
მიხაილო ფედოროვმა პირობა დადო, რომ თითქმის ოთხწლიანი ომის ამ კრიტიკულ ფაზაში სამხედრო ძლიერების გასაზრდელად ინოვაციებსა და რეფორმებს გაატარებს.
34 წლის ფედოროვი მანამდე პირველი ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის პოსტებს იკავებდა.
მან საკვანძო როლი შეასრულა რუსეთის შეჭრაზე უკრაინის მაღალტექნოლოგიური პასუხის ჩამოყალიბებაში. კერძოდ, Starlink-ის ტერმინალების განთავსებით, ხელი შეუწყო ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინული ძალებისთვის კავშირგაბმულობის გაუმჯობესებას.
ფედოროვი თანამდებობას ენერგეტიკის სექტორში მომხდარი დიდი კორუფციული სკანდალიდან რამდენიმე კვირაში იკავებს, რასაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის მიმართ საზოგადოების ფართო აღშფოთება მოჰყვა.
მისი დანიშვნა ზელენსკის მიერ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროს მაღალჩინოსნებს შორის განხორციელებული საკადრო ცვლილებების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტმა ადმინისტრაციის უფროსად დაზვერვის პოპულარული ხელმძღვანელი დანიშნა.
დენის შმიგალის ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილება კი უკრაინის რადამ ენერგოსექტორზე რუსული დარტყმების გაძლიერების ფონზე მიიღო.
50 წლის შმიგალი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სახელმწიფო მოხელეა. მას ხშირად აქებდნენ 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ შედარებითი ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და სამთავრობო ოპერაციების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფის გამო.
ის უკრაინის ყველაზე ხანგრძლივი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც მთავრობას 2020 წლიდან 2025 წლის ივლისამდე ხელმძღვანელობდა, ვიდრე თავდაცვის მინისტრად დაინიშნებოდა.




























