მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში 1 000 გენერატორის გაგზავნას ვგეგმავთ - ირაკლი შონია

639aae9767fcf
თინათინ ნატმელაძე
15.12.22 10:00
1438
"აი დეველოპმენტის" გენერალურმა დირექტორმა და Forbes 30under30-ის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ირაკლი შონიამ ძმასთან და უკრაინელ მეგობრებთან ერთად უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც თურქეთში 1 000 გენერატორი დაარეზერვა და ამჟამად მათ შესაძენად საჭირო ინვესტიციის მოზიდვის პროცესშია.

მისივე ცნობით, ფინანსების მოზიდვის მიზნით საერთაშორისო პლატფორმაზე დონაციის პროგრამაც ჩაუშვეს, სადაც ყველა მსურველ ფიზიკურ პირს თანხის გაღების შესაძლებლობა ექნება.

"საქართველოში სათანადო რაოდენობის გენერატორები არ იწარმოება, ამიტომ გადავწყვიტეთ, თურქეთში გავსულიყავით, სადაც 1 000 გენერატორი დავარეზერვეთ, ამჟამად საჭირო ინვესტიციის მოზიდვის პროცესში ვართ, დაახლოებით 450-500 ათასი დოლარია საჭირო, თუმცა რაც დრო გადის, ფასების შენარჩუნება უფრო გვიჭირს, რადგან გენერატორებზე მოთხოვნა ძალიან დიდია", - აცხადებს ირაკლი შონია.

ის ასევე გვიყვება, რომ საქველმოქმედო კამპანიის წამოწყება პირადმა კონტაქტებმა, გამოცდილებამ და გენერატორების მაღალმა საფასურმა გადააწყვეტინათ.

"მე და ჩემი ძმა აფხაზეთიდან დევნილები ვართ, რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, ასევე, ჩემი ძმა 3 წელი უკრაინაში ცხოვრობდა და იქ საკმაოდ ბევრი მეგობარი ჰყავს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინელებს შეძლებისდაგვარად დავხმარებოდით. თანაც ლოჯისტიკის კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს, 13 წელია სამშენებლო სფეროში ვარ, კონტაქტებიც გვყავს და ეს საშუალებას იძლეოდა, რომ საბითუმო ფასად, ტრანსპორტირების ხარჯის გარეშე მიგვეწოდებინა გენერატორები, თანაც უკრაინელებს ძალიან დიდ საფასურს სთხოვენ გენერატორების სანაცვლოდ, მაგალითად პოლონეთში ერთი გენერატორი 200 000 დოლარი ღირს", - განმარტავს ირაკლი შონია.

უახლოეს მომავალში უკრაინის საქველმოქმედო ორგანიზაციის იურიდიულად დარეგისტრირებაც იგეგმება, შონია BM.GE-თან აღნიშნავს, რომ ეს სანდოობის ხარისხს გაზრდის.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ირაკლი შონიამ და მისმა ძმამ საკუთარი ხარჯებით 10 გენერატორი უკრაინაში უკვე გაგზავნეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები