უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან შესახვედრად აზერბაიჯანში ჩავიდა. ამის შესახებ დღეს, 25 აპრილს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერგი ნიკიფოროვმა განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ალიევმა უკრაინის ლიდერი ქალაქ გაბალაში მიიღო, სადაც მათი შეხვედრა უკვე დაიწყო.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა სააგენტო AFP-სთან ანონიმურად საუბრისას აღნიშნა, რომ ზელენსკი მოლაპარაკებებს "უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის" საკითხებზე გამართავს. მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა ორმხრივი თანამშრომლობის 5 შეთანხმებაზე მუშაობს.
ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია სამხრეთ კავკასიაში 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
აზერბაიჯანში ჩასვლამდე, 24 აპრილს, ზელენსკი საუდის არაბეთს ესტუმრა. ეს ვიზიტები კიევის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებთან უსაფრთხოებისა და დრონების ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. მანამდე პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ უკრაინა მსგავსი შეთანხმებების გაფორმებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთანაც განიხილავს.
სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში კიევი აზერბაიჯანთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს. ბაქომ უკრაინას ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაუწია, ასევე მონაწილეობს ქვეყნის აღდგენის პროცესში, კერძოდ ენერგეტიკის სექტორში.
პარალელურად, აზერბაიჯანი მჭიდრო პარტნიორობას ინარჩუნებს რუსეთთან, თუმცა 2024 წლის დეკემბერში რუსული საჰაერო თავდაცვის მიერ აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ურთიერთობები გაუარესდა. მას შემდეგ მოსკოვი ბაქოსთან ურთიერთობების აღდგენას ცდილობს, დეტალური გამოძიების ჩატარების პირობას დებს და ავიაკატასტროფაში დაღუპული 38 ადამიანის ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდას გეგმავს.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს ჯერ კიდევ 2024 წელს გეგმავდა, თუმცა მაშინ ეს გეგმა გაუქმდა.




























