ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი ვიომიმართვაში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით ნაკლებ ხელსაყრელი შედეგი მიიღო.
ჰარცელი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოსთვის მინიჭებულ ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, EU-ს წარმომადგენლობას სოციალურ ქსელში მიწერონ.
"რამდენიმე დღის წინ საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მართლაც ისტორიული მომენტია. ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, ხელიდან არ იქნას გაშვებული”, - ამბობს ელჩი.
უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის საქართველომ 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს. მოთხოვნები გულისხმობს სასამართლოს რეფორმებს, დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებას, ომბუდსმენად დამოუკიდებელი ადამიანის დანიშვნას და სხვა.