ბრიუსელის ოფიციალური პირები ცდილობენ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები მომავალ თვეში დაიწყოს. ამის შესახებ Politico ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. ხუთმა დიპლომატმა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, თქვეს, რომ მიზანია ოფიციალური მოლაპარაკებების 25 ივნისს დაწყება.
უკრაინისთვის ინტეგრაციის პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მთავარ დაბრკოლებას უნგრეთი წარმოადგენს. გამოცემის თანახმად, დიპლომატები ევროკავშირიდან და კიევიდან ინტენსიურად მუშაობენ, რათა დაარწმუნონ უნგრეთის მთავრობა, რომ დათანხმდეს უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. დიპლომატები ამბობენ, რომ ბრიუსელი და კიევი ბუდაპეშტთან ინტენსიურ ორმხრივ დიპლომატიაში არიან ჩართული, უკრაინაში უნგრული უმცირესობების შესახებ შეშფოთების მოსაგვარებლად.
წევრობის მოლაპარაკებების გახსნისთვის ევროკავშირის ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ ე.წ. მოლაპარაკებების ჩარჩოზე. 27 ქვეყნის დედაქალაქი ამ დოკუმენტზე მარტიდან მსჯელობს. ორი დიპლომატის თქმით, ტექნიკურ დონეზე პროცესი კარგად მიმდინარეობს და ელიან, რომ უახლოეს კვირებში ევროკავშირის ელჩებს გაეგზავნებათ ახალი პროექტი, რათა შეძლონ ყველაზე მწვავე საკითხების გადაჭრა.
ამასთან, Politico წერს, რომ უკრაინა და მისი მხარდამჭერები ევროკავშირში, ითხოვენ ბრიუსელსა და კიევს შორის მთავრობათაშორისი კონფერენციის ჩატარებას 25 ივნისს, იქამდე, სანამ უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის საბჭოს როტაციულ თავმჯდომარეობას 1 ივლისს. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპი სწორედ ოფიციალური მოლაპარაკებების გახსნაა მთავრობათაშორისი კონფერენციის მეშვეობით.