მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ახალი ეტაპი დაბლოკა

პეტერ მადიარი

უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო ორი კლასტერის გახსნისთვის საჭირო პროცედურული ნაბიჯი დაბლოკა.

არსებული ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უნგრულმა მხარემ მეოთხე და მეხუთე კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე უარი განაცხადა. როგორც გამოცემა European Pravda წყაროებზე დაყრდნობით წერს, მ ოფიციალურ ბუდაპეშტს გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუსახელებია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დაბლოკილი მეოთხე კლასტერი ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტრანსევროპული ქსელების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებს აერთიანებს. რაც შეეხება მეხუთე კლასტერს, ის სოფლის მეურნეობას, სურსათის უვნებლობას, ვეტერინარულ წესებს, რეგიონულ პოლიტიკასა და საბიუჯეტო საკითხებს მოიცავს. საყურადღებოა, რომ სკრინინგის შედეგების დამტკიცება მოლაპარაკებების ოფიციალურად დასაწყებად აუცილებელი საფეხურია. ნებისმიერი კლასტერის გახსნა კი ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის უკრაინას ექვსიდან ოთხი მიმართულება უკვე გახსნილი აქვს. ოფიციალურმა კიევმა ფუნდამენტური საკითხების კლასტერზე მუშაობა ივნისში დაიწყო, საგარეო ურთიერთობების მიმართულება კი ივლისში გააქტიურდა. 13 ოქტომბერს უკრაინამ ევროკავშირთან შიდა ბაზრისა და კონკურენტუნარიანობის მომცველი ორი დამატებითი კლასტერიც გახსნა.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთმა ეს ნაბიჯი კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობების დათბობის შესახებ გაკეთებულ ოპტიმისტური შეფასებებიდან რამდენიმე დღეში გადადგა. 16 ოქტომბერს ბრიუსელში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი ერთმანეთს შეხვდნენ. ლიდერები პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენაზე, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების, სასაზღვრო ინფრასტრუქტურისა და ბიზნესკავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ეს დიპლომატიური დაახლოება უკრაინის მიერ 12 ოქტომბერს განათლების შესახებ კანონში დამტკიცებულ ცვლილებებს დაეფუძნა. ახალი კანონმდებლობით კიევმა ევროკავშირის ოფიციალურ ენებზე მოლაპარაკე ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებები გააფართოვა და ბუდაპეშტის მთავარი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

სწორედ ამის ფონზე, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვსევოლოდ ჩენცოვმა განაცხადა, რომ კიევი მოლაპარაკებების გაგრძელების გზაზე დაბრკოლებებს აღარ ელოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები