აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმება მკვდარი არ არის.
„გაიგებთ, ხვალ საღამოს სიტყვით გამოვდივარ და გაიგებთ. შესანიშნავი შეთანხმებაა ჩვენთვის, რადგან ბაიდენმა სულელურად 350 მილიარდი მისცა ქვეყანას საბრძოლველად და ჩვენ არაფერი მიგვიღია. 350 მილიარდით აშშ-ის ფლოტის განახლებას შევძლებდით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე, კიდევ ერთხელ ისაუბრა საკუთარ პრეზიდენტობაზე და იმაზე, თუ რომელი პრეზიდენტის დროს რა შეძლო რუსეთმა. როგორც ის ამბობს, მისი პრეზიდენტობა არა მარტო აშშ-სთვის, არამედ საქართველოსა და უკრაინისთვისაც ხელსაყრელია.
პრეზიდენტ ბუშის დროს, რუსეთმა წაიღო საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს წაიღო წყალქვეშა ხომალდების დიდი ბაზა, მიწის ძალიან დიდი ნაწილი, სადაც მათ განათავსეს წყალქვეშა ხომალდები, წაიღო ყირიმი.
პრეზიდენტ ტრამპის დროს მათ ვერაფერი წაიღეს და პრეზიდენტ ბაიდენის დროს მათ მთლიანი უკრაინის წაღება სცადეს. მე რომ არ მოვსულიყავი, ისინი მას წაიღებდნენ" - ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.




























