6 აპრილს, 20:00 საათზე „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი-კონტაქტი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სცენაზე გამართავს საქველმოქმედო სპექტაკლს „ახალი თამაში“.
სპექტაკლის პრემიერიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება კიევის ინკლუზიურ საბავშვო ცენტრს „ევა“, რომელიც ომის დროს დაზარალებული სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების დასახმარებლად წარიმართება.
ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“, 2015 წლიდან ინკლუზიური დრამატული ხელოვნების მიმართულებით მუშაობს. თეატრის დასში პროფესიონალ ხელოვანებთან ერთად გაწევრიანებულია 15 სპეციალური საჭიროების მქონე პირი (დაუნის სინდრომი, აუტიზმი, თალასემია, ცერებრალური დამბლა, უსინათლო).
„ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის რეპერტუარში 6 საავტორო სპექტაკლია. თეატრი თანამედროვე დრამატული სახელოვნებო მიმართულებასთან ერთად ასევე სოციალურ დატვირთვას ატარებს.
ღონისძიების თანაორგანიზატორი და მედია პარტნიორია Forbes Woman Georgia.