უკრაინელმა ბიზნესმენმა, იგორ კოლომოისკიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მიიჩნევს, რომ ეროვნული სასამართლო მის უკანონო პატიმრობაში ამყოფებს და ადამიანის უფლებათა კონვენციის მოთხოვნებს არ ითვალისწინებს - ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატი ალექსანდრ ლისაკი წერს, რომლის განცხადების ნაწილსაც გთავაზობთ.
“იგორ ვალერიოვიჩ კოლომოისკიმ და მე მივიღეთ გადაწყვეტილება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შევიტანოთ, იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული სასამართლოები იგორ ვალერიოვიჩს პატიმრობაში კვლავ ტოვებენ, ყოველგვარი სამართლებრივი მიზეზის გარეშე და ადამიანის უფლებათა კონვენციის მოთხოვნების სრული უგულებელყოფით.
სასამართლო გაუმართლებლად ტოვებს იგორ ვალერიოვიჩს პატიმრობაში, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რომ მან ნებისმიერი გზით კანონი დაარღვია. მას ასევე შეეფარდა გირაოს აბსოლუტურად არაადეკვატური ოდენობა - 3 მილიარდი გრივნა, რაც უკრაინის ისტორიაში რეკორდულია”, - აცხადებს ბიზნესმენის ადვოკატი.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ უკრაინელი ოლიგარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ლისაკი წერს, რომ ეჭვი იმის შესახებ, თითქოს კოლომოისკიმ 2013 წელს PrivatBank-იდან 5.8 მილიარდი გრივნა მიითვისა, უსაფუძვლოა, რადგან ამავე 2013 წლის ბოლოს PrivatBank-ის სრულმა ბრუნვამ 7.3 მილიარდი გრივნა შეადგინა და მსგავსი რაოდენობის ნაღდი ფულის დეპონირება კი საბანკო ოპერაციებს დაბლოკავდა.
ალექსანდრ ლისაკი წერს, რომ ბიზნესმენის მიმართ კრიმინალური დევნა დაფარულ პოლიტიკურ მოტივებზეა დაფუძნებული და საზოგადოებისთვის “დეოლიგარქიზაციით” ინიღბება.
იგორ კოლომოისკის სისხლის სამართლის ბრალდებები ოფიციალურად მიმდინარე წლის სექტემბერში წარუდგინეს. მას ბრალი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ედება.