ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, X-ის საშუალებით განცხადებას ავრცელებს, რომლითაც იგი უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის მიერ გასავლელი გზა რთული, თუმცა შესაძლებლობებით სავსე იქნება.
“ვულოცავ მოლდოვასა და უკრაინას EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ეს შესანიშნავი სიახლეა უკრაინელი და მოლდაველი ხალხისთვის და სრულად ევროპული კავშირისთვის. თქვენი გასავლელი გზა იქნება რთული, თუმცა შესაძლებლობებით სავსე. წარმატებულ მოლაპარაკებებს გისურვებთ!”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი და ვიდეომიმართვას ურთავს.
ვიდეომიმართვაში ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გაცილებით მეტია, ვიდრე პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა და მოლდოვამ რთული გზა გაიარეს, ვიდრე ამ ეტაპამდე მოვიდოდნენ.
“შესანიშნავია ამბავია, რომ ევროკავშირი ხსნის გაწევრიანების მოლაპარაკებებს უკრაინასა და მოლდოვასთან. ორი ქვეყნისთვის და ჩვენი კავშირისთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტის ზღურბლზე ვდგავართ და აღვნიშნავთ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც ერთმანეთთან გვაკავშირებს. ევროკავშირი ყოველთვის იყო გაცილებით მეტი, ვიდრე პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება - ის არის ერთგვარი გამოცდა ჩვენი კოლექტიური სწრაფვისა მშვიდობის, უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისკენ.
უკრაინელმა და მოლდაველმა ხალხმა გამოხატეს წარმოუდგენელი ერთგულება და მონდომება, რომ ამ პროექტის ნაწილი ყოფილიყვნენ. ომისა და არეულობის პერიოდშიც კი, მათ გაატარეს მასშტაბური რეფორმები. იციან, რომ მათი გზა იქნება რთული და შრომატევადი. მოლაპარაკებების პროცესი იმისთვისაა შექმნილი, რომ კანდიდატები იმ პასუხისმგებლობისთვის მოამზადონ, რასაც ევროკავშირის წევრობა მოითხოვს, ამიტომ მოკლე გზა არ არსებობს”, - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.