მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინელმა ექიმმა თბილისში რესტორანი გახსნა - „ჰალუშკას“ გეგმები

644a673e2c4de
სალომე ხიდურელი
28.04.23 00:05
1119
თბილისში, ახალი საკვები ობიექტი გაიხსნა. „ჰალუშკა“ რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოში საცხოვრებლად გადმოსულმა ფილოსოფიის დოქტორმა გახსნა და მომხმარებელს ტრადიციულ უკრაინულ კერძებს სთავაზობს. „ჰალუშკას“ შექმნის იდეაზე BM.GE-სთან მისი დამფუძნებელი, ექიმი ანნა ბაშკიროვა ჰყვება.

„დაახლოებით 5-7 წლის წინ დავიწყე პერიოდულად საქართველოში ჩამოსვლა. ძალიან დავინტერესდი ამ ქვეყნით და ხშირად ვმოგზაურობდი, დავიწყე ენის სწავლა, შევიძინე მეგობრებიც და დაახლოებით, 2 წლის წინ გადავწყვიტე საცხოვრებლად გადმოვსულიყავი. 2022 წლის იანვარში უკრაინაში დავბრუნდი, რადგან საჭირო საბუთები შემეგროვებინა და საქართველოში საბოლოოდ საცხოვრებლად გადმოვსულიყავი, თუმცა ერთ თვეში ომი დაიწყო და რადგან ამ ქვეყანას კარგად ვიცნობდი, გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი,“ - ჰყვება ანნა ბაშკიროვა.

მისი თქმით, „ჰალუშკას“ გახსნის მიზანი საქართველოში უკრაინული კულტურის პოპულარიზაციაა. იდეის სისრულეში მოყვანას კი ხელი იმან შეუწყო, რომ მედიცინის დარგში ფილოსოფიის დოქტორისთვის საქართველოში სამსახურის მოძებნა გაუძნელდა.

„კაფეს საფირმო კერძი არის ჰალუშკები, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის საყვარელი კერძია. თბილისში სხვაგან არსად არის არის შესაძლებელი, მისი დაგემოვნება. ამ დროს ის არის ცენტრალური და აღმოსავლეთ უკრაინის „ოქრო“. ასევე, თბილისში ენის ცოდნისა და ლიცენზიის გარეშე, შეუძლებელია სამსახურის პოვნა. გარდა ამისა, ანაზღაურება მედიცინის სფეროში სათანადო სამომავლო პერსპექტივებს არ იძლევა“, - ამბობს ანნა ბაშკიროვა.

„ჰალუშკა“ ამ დროისთვის მომხმარებლებს 15-მდე დასახელების, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებისთვის ტრადიციულ უკრაინულ კერძს სთავაზობს. ნედლეული კი, რომელსაც კერძების დასამზადებლად იყენებენ, ადგილობრივი ბაზრიდან იღებს. მისი თქმით, უკრაინული კერძებით თავდაპირველად სლავური ქვეყნებიდან ტურისტები ინტერესდებოდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ქართველი მომხმარებლის რაოდენობაც იზრდება.

„ობიექტისთვის დიდი რეკლამა არ გაგვიკეთებია, ამიტომ მომხმარებლების რაოდენობა ნელა იზრდება. ვფიქრობდით, რომ ჩვენი კერძები ქართველი მომხმარებლისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, ვისაც სურს, უკრაინულ სამზარეულოს გაეცნოს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავიდან უფრო მეტად სლავური წარმომავლობის ხალხი დაინტერესდა, მათ შორის ის უკრაინელები, რომლებიც ომის შემდეგ ჩამოვიდნენ აქ და ეს კერძები მონატრებული ჰქონდათ. თუმცა ნელ-ნელა იზრდება ქართველი მომხმარებლების რაოდენობაც“, - ამბობს ანნა ბაშკიროვა.

დამფუძნებლის თქმით, „ჰალუშკას“ ეზოში, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი დასადგომი მაგიდაა განთავსებული, სადაც კერძების დაგემოვნება გატანის, ე.წ. takeaway პრინციპის გარეშეა შესაძლებელი, თუმცა, სამომავლოდ, სურვილი აქვთ მაგიდები დაამატონ. მანამდე კი მათი კერძების შეძენა როგორც ადგილზე, ასევე Wolt-ისა და Bolt-ის საშუალებით შეგიძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები