მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის აღდგენა როცა დაიწყება, ძალიან ბევრი საქმე იქნება - Logistics Solutions

ლოგისტიკა

„როცა უკრაინის აღდგენა დაიწყება, ძალიან ბევრი საქმე იქნება“ - ასეთი პროგნოზი აქვს საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Logistics Solutions-ის დამფუძნებელ და გენერალურ დირექტორს ირაკლი ცანკაშვილს.

საქმე ის არის, რომ Logistics Solutions-ს საქართველოს გარდა ფილიალები კიდევ 6 ქვეყანაში აქვს და მათ შორისაა უკრაინა.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნესმენმა განაცხადა, ომამდე უკრაინაში აქტიურად მუშაობდნენ, მაგრამ ახლა - ნაკლებად, თუმცა ოფისი შენარჩუნებული აქვთ.

„ომამდე უკრაინა, მსხვილი პროექტების კუთხით, ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი დიდი ბაზარი იყო. შარშანაც, თებერვლის ბოლოს ვგეგმავდით უკრაინაში წასვლას - დიდი პროექტი უნდა დაგვეწყო და მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზე ვიყავით, მაგრამ ომი დაიწყო. ვერ ვიტყვით, რომ ამ ეტაპზე უკრაინაში ძალიან აქტიურები ვართ, მაგრამ ვმუშაობთ. პოტენციალი ძალიან დიდია; ომის შემდეგ, როცა უკრაინის აღდგენა დაიწყება, ძალიან ბევრი საქმე იქნება და იმ კომპანიებს, რომელთაც ამ ქვეყანაში მსხვილი პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვს, მაგალითად, ენერგეტიკაში, უპირატესობა ექნება და Logistics Solutions-ი მათ შორის ერთ-ერთია“, - თქვა ირაკლი ცანკაშვილმა.

"წერტილთან“ ინტერვიუში Logistics Solutions-ის დამფუძნებელი მიმდინარე წელს დადებითად აფასებს. ამბობს, რომ საქართველოში უფრო აქტიურები არიან, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში უფრო მეტი აქვთ სამუშაო, რათა მაღალ კონკურენციას გაუმკლავდნენ.

„ყველაზე რთულია ევროპელ დამკვეთებთან მუშაობა, რადგან პირველ რიგში, ნდობაა მოსაპოვებელი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს რეგიონს დიდად არ ენდობიან, მაგრამ ჩვენ ეს პრობლემა გადავლახეთ ბევრი წლის წინ, როცა მიზანმიმართულად ევროპის ბაზარზე დავიწყეთ მუშაობა. გვსურდა, კომპანია თავიდანვე ევროპული ხარისხით და სტანდარტით აგვეწყო, რომ ევროპელი დამკვეთებისთვის მისაღები ვყოფილიყავით“, - აცხადებს ირაკლი ცანკაშვილი.

საექსპედიტორო და ლოგისტიკური საერთაშორისო კომპანია Logistics Solutions-ი 2011 წელს თბილისში დაფუძნდა და ამჟამად, საქართველოს გარდა, ფილიალები აქვს უკრაინაში, აზერბაიჯანში, გერმანიაში, იტალიაში, ლატვიასა და მოზამბიკში. 2024 წლის ბოლომდე კომპანია ჩინეთის ბაზარზეც შევა.

Logistics Solutions-ი ტრადიციული ლოგისტიკური სერვისების გარდა, სპეციალიზდება კომპლექსური ინდუსტრიული ლოგისტიკური პროექტების შესრულებასა და მართვაზე. ის პირდაპირი ვენდორია ისეთი წამყვანი ბრენდების, როგორებიც არიან: Siemens, Vestas, General Electric, და Tecnimont.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები